ზუგდიდიდან თბილისში აქციაზე დასასწრებად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები გამოემგზავრნენ.
ოპოზიციის მომხრეები თბილისში დემონსტრანტებს შეუერთდებიან და აქციაზე "ერთად ერთის წინააღმდეგ" კვლავ მოითხოვენ 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას.
როგორც ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენელმა თემურ ბასილაიამ ჟურნალისტებს უთხრა, აქციაზე წამსვლელების ნაწილი თბილისში დარჩენას აპირებს, ნაწილი კი პროტესტს ზუგდიდში განაგრძობს.
"ჩვენ ვიქნებით პროტესტის მონაწილეები იმ ახალგაზრდებთან ერთად, ვინც გავრილოვის ღამიდან დღემდე სამართლიან პროტესტს გამოხატავს. ჩვენი მოძრაობა არის მშვიდობიანი, არანაირი კონფრონტაცია, ვითხოვთ სამართლიან, პროპორციულ არჩევნებს და იმ დაპირების შესრულებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მისცა ხალხს," - განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა თემურ ბასილაიამ.
ზუგდიდიდან დედაქალაქში ოპოზიციის მხარდამჭერები და აქტივისტები 6 სამარშუტო ტაქსით გაემგზავრნენ.