18 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეს ახალი მოსამართლე ჰყავს, ადვოკატები პროცესის გაჭიანურებაზე საუბრობენ

ორი წლის წინ ხორავას ქუჩაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ დადუნაშვილებისა და სარალიძეების ოჯახების ცხოვრება სრულიად შეცვალა.

ორი მეთერთმეტე კლასელის ლევან დადუნაშვილისა და დათუნა სარალიძის მკვლელობიდან 2 წელი გავიდა. ამ დრომდე უპასუხოდ რჩება კითხვა - ვინ მოკლა ზაზა სარალიძის შვილი და ვინ დაფარა დანაშაული.

დათუნა სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დღეს მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა გაიხსენეს. ორი წლის შემდეგაც ზაზა სარალიძე დამნაშავე პირთა რიცხვის გაზრდის მოლოდინშია.

ზაზა სარალიძე, რომელიც მედიასთან მუდამ აქტიურად თანამშრომლობდა უკვე 6 თვეა დუმილს ამჯობინებს. დიდი ხნის პაუზის შემდეგ შვილმკვდარი მამა დღეს პირველად ალაპარაკდა, როგორც სარალიძე ამბობს, ბრალდებულ გიორგი კალანდიას სასამართლო გადაწყვეტილების მოლოდინშია.

2 წლის წინ, 1 დეკემბერს, 51 საჯარო სკოლასთან დაწყებული კონფლიქტის შემდეგ მოკლული დათუნა სარალიძის ოჯახის ადვოკატის მოსაზრებით, მიხელ კალანდიას წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები არსებობს, რომ ბრალდებული მოსამართლემ მსჯავრდებულად ცნოს.

გასულ წელს, ხორავას საქმეზე საპარლამენტო კომისიამ 30-ზე მეტი რეკომენდაცია შეიმუშავა, თუმცა მათგან საგამოძიებო უწყებაში მხოლოდ რამდენიმე გაითვალისწინეს.

ასევე დათუნა სარალიძის მკვლელობის საქმეში ახალი მოსამართლე დაინიშნა. გიორგი არევაძე საქმის სათადარიგო მოსამართლე იყო, რომელიც მომდევნო პროცესიდან საქმის განხილვას შეუდგება.

ადვოკატების მოსაზრებით, შესაძლოა ამ გადაწყვეტილებამ საქმის ხელახალი განხილვა გამოიწვიოს, რაც პროცესებს გააჭიანურებს.

ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე პატიმრობაშია 3 პირი, აქედან 2 მსჯავრდებულია. სასამართლო ამ დრომდე განიხილავს მიხეილ კალანდიას ბრალეულობას დათუნა სარალიძის განზრახ მკვლელობის საქმეში. 

დღის ამბები