არასამთავრობო სექტორი ეჭვობს, რომ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას დაკითხვას, შესაძლოა, პოლიტიკური სარჩული ჰქონდეს.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარეს, სულხან სალაძეს მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ უფრო მეტი მტკიცებულება უნდა წარადგინოს იმის თაობაზე, რატომ "გაცოცხლდა" ეს საქმე სწორედ ახლა, ამ პოლიტიკურ ვითარებაში.
"გამოძიებას ბევრად მეტი მართებს დასასაბუთებლად, თუ რატომ ახლა და უფრო ადრე არა. თუ მმართველი პარტია ფიქრობს, რომ მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ ახლა გახდა და ახლაა ეს დღის წესრიგის ნაწილი, ეს იქნება არასწორი, რადგანაც ასე ბევრი საქმე გვინახავს, დაწყებული გამოძიება, კონკრეტული პირების დაბარება და შემდგომში მიღებული საკმაოდ საეჭვო გადაწყვეტილებები.
ამ ქვეყანაში საგამოძიებო უწყებებს პოლიტიკური დამოუკიდებლობის მაღალი სტანდარტი არ გააჩნია, რაც ასევ ხაზს უსვამს, რომ ეს შესაძლოა პოლიტიკურად მოტივირებული იყოს. არის თუ არა, ამას გვაჩვენებს დრო," - განაცხადა სულხან სალაძემ.
ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ხუციშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, პოლიტიკური ნიშნით ოპონენტების შევიწროებას და მორიგ პოლიტიკურ დაპირისპირებას თავი აარიდოს.
"სამწუხაროდ, ის მოვლენები, რომელიც ბოლო დღეებში ვითარდება, სწორედ იმას გვაფიქრებინებს, რომ იწყება პოლიტიკური დევნა. ყოველ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, პოლიტიკური ნიშნით მოწინააღმდეგეების შევიწროება. მე მოვუწოდებდი ხელისუფლებას, რომ პრინციპულად შეიკავოს თავი ამისგან. კარგია, რომ ევროკავშირის ელჩები ადგილზე არიან, ჩართულნი არიან და მნიშვნელოვანია, კიდევ ერთი დიდი პოლიტიკური დაპირისპირებისგან თავი ყველამ პრინციპულად შეიკავოს," - განაცხადა ქეთევან ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ბოკერიამ პროკურატურაში გამოცხადებაზე უარი განაცხადა და მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე დაკითხვის უფლებით სარგებლობის სურვილი გამოთქვა.