18 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
გადაამეტა თუ არა საკუთარ უფლებამოსილებას პოლიციამ - საია 15 წლის მოზარდის საქმეს ეხმაურება

გადაამეტა თუ არა საკუთარ უფლებამოსილებას პოლიციამ და რა როლი აქვს მოზარდის სავარაუდო სუიციდთან სკოლის ადმინისტრაციას - 15 წლის მოზარდი, რომელიც მე-9 სართულიდან, სავარაუდოდ, თავის მოკვლის მიზნით გადმოხტა, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე სულხან სალაძე აცხადებს, რომ გამოძიება პირველ რიგში მოზარდის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სამართალდამცავების შესაძლო მონაწილეობის კუთხით უნდა გაგრძელდეს.

სულხან სალაძის თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტისთვისაც ასევე კრიტიკულად აუცილებელია არასრულწლოვანის საქმეზე დროული და სწრაფი გადაწყვეტილების მიღება.

"გამოძიება ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი და პირველი, რაზეც გამოძიებამ უნდა იმსჯელოს - ეს არის სამართალდამცავების შესაძლო მონაწილეობა, პირდაპირი ან ირიბი კავშირი, მოზარდის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ეს ცალსახა და ნათელია ჩვენთვის.

დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი მოჰყვა ამ შემთხვევას და ვფიქრობ, მათ შორის სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტისთვისაც ასევე კრიტიკულად აუცილებელია, რომ საქმეზე დროულად და სწრაფად იყოს მიღებული გადაწყვეტილება," - აცხადებს სულხან სალაძე.

მომხდარი ინციდენტი "მწვანე სკოლაში" კედლებზე გაკეთებულ წარწერებს უკავშირდება. საქმეში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ჩაერთო.

მოზარდის შესაძლო თვითმკვლელობის საქმეზე გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ვადით ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ისჯება.

პარალელურად საგამოძიებო მოქმედებები პოლიციელების მხრიდან შესაძლო გადაცდომებზეც მიმდინარეობს.

დღის ამბები