ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში "რუსთავი2"-ის ქონების გაფლანგვის საქმეზე ნიკა გვარამიას, კახა დამენიას და ზურაბ იაშვილის პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე, ისევე როგორც წინა პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებს.
საქმის პროკურორი მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართავს, რომელიც გულისხმობს იმას, რომ სახალხო დამცველის მოსაზრება საქმეს მტკიცებულებად არ დაერთოს, ასევე ბრალდების მხარე მოითხოვს, რომ მოწმეთა დასაკითხ პირთა სიიდან 45 პირი ამოღებულ იქნას. პროკურორი ზვიად გუბელაძე განმარტავს, რომ თუკი პირის გამოკითხვა ხდება, საჭიროა არსებობდეს გამოკითხვის ოქმები, რომელიც დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია.
"მოწმედ რომ დაიკითხოს პირი, საჭიროა, არსებობდეს გამოკითხვის ოქმები, ეს გამოკითხვის ოქმები გადაეცეს მეორე მხარეს და გადაეცეს სასამართლოს. მსგავსი გამოკითხვის ოქმები დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია ამ 45 პირთან დაკავშირებით, სწორედ ამიტომ, ჩვენ მოვითხოვეთ, რომ დასაკითხ პირთა სიიდან ხსენებული პირები იქნენ ამორიცხული და მათ დაკითხვა არ მოხდეს,“ - განაცხადა პროკურორმა.
ადვოკატი ბექა ბასილაია პროკურატურის ამ შაუმდგომლობას აკრიტიკებს და ამბობს, რომ პროკურატურა, იმ ფონზე, როდესაც კონკრეტული პირები დაკითხული არ ჰყავს, მოწმეების დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნას ითხოვს.
"როგორ აბსურდთან გვაქვს საქმე, რომ პროკურატურა ითხოვს მთელი რიგი მოწმეების დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნას, მაშინ როდესაც პროკურატურას ამ საქმეზე დაკითხული არ ჰყავს ქიბარ ხალვაში. მაშინ, როდესაც პროკურატურას ამ საქმეზე არ ჰყავს საჩივრის ავტორი, ნინო ნიჟარაძე დაკითხული, რომლის ადვოკატის მიერ წარდგენილი საჩივრის საფუძველზე საქმეზე დაიწყო გამოძიება. მაშინ, როდესაც პროკურატურას დაკითხული არ ჰყავს კახა ბექაური, იმ ვითარებაში, რომ კახა ბექაურის უწყებიდან გამოთხოვილი დაახლოებით 10 ტომი მასალა შეადგენს ამ საქმის ძირითად მტკიცებულებას, რაც პროკურატურამ წარმოადგინა,“ - აცხადებს ბექა ბასილაია.
განცხადება გააკეთა ნიკა გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა, რომელიც ამბობს, რომ სახალხო დამცველის დასკვნა, მისი შინაარსიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია და ის საქმის მასალებში იდება.
“პროკურატურის მიერ დაყენებული იქნა შუამდგომლობა ამორიცხვასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ სახალხო დამცველს ისედაც გადმოგზავნილი ჰქონდა ეს დოკუმენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რა შედეგი დადგება პროკურატურის შუამდგომლობაზე, სახალხო დამცველის დასკვნა იარსებებს საქმის მასალაში და ეს დასკვნა არის უმნიშვნელოვანესი, თავისი შინაარსის გათვალისწინებით. ვინაიდან, აქ სახალხო დამცველი ამბობს, რომ რეალურად, ეს საკითხი, რის გამოც ნიკა გვარამიას ბრალი იქნა წარდგენილი, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის სფერო.“ - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.