უკვე ერთ საათზე მეტია, სასამართლოში გიგა ბოკერია იკითხება. მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ჩვენების მიცემა, სწორედ ოპოზიციური პარტიის ლიდერის სურვილია. დაკითხვის დაწყებამდე საქმის დეტალებზე ბევრი არაფერი თქვა პროკურორმა, რადგან საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს.
"ახალი გარემოება გამოიკვეთა, არის პოლიტიკური კრიზისი. ივანიშვილი, ეს სამარცხვინო ლიდერი და თავისი კლოუნების ბანდა პლიტიკური აგონიაში არიან. ჩემი შემთხვევა არ არის არც პირველი და არც მეორე, ზოგადად, ამ კურსს დაადგა და მიაჩნია, რომ ამ მეთოდებით შეძლებს ლეგიტიმური ბრაზის და აღშფოთების შეჩერებას, რომელიც აქვს საზოგადოების უდიდეს ნაწილს, ამას ჩაახშობს. ეს არის სიბრიყვე მისი მხრიდან, ჩვენ ყველანაირი სცენარისთვის მზად ვართ. რაც უფრო მეტ უტიფრობას ჩაიდენს და ასლანის გზას დაადგება, მით უფრო მძიმე იქნება მისი პოლიტიკური ფინალი,"- აცხადებს გიგა ბოკერია.
რაც შეეხება საქმის პროკურორს, მისი თქმით, დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს.
"ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, რომლის შედეგადაც დადგა გიგა ბოკერიას დამატებითი გამოკითხვის აუცილებლობა. კონკრეტულად რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, როდის ჩატარდა და რა თანმიმდევრობით, გამომდინარე იქიდან, რომ საქმეს გრიფით საიდუმლო აქვს მინიჭებული, დეტალებს ვერ გეტყვით,"- განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა დავით ნეფარიძემ.
"ივანიშვილი ცდება ერთ რამეში. დღეს საზოგადოებაში უნდობლობას იწვევენ არა ეს ლიდერები, არამედ დღეს საზოგადოებას აქვს ძალიან დიდი უნდობლობა მის მიმართ, პროტესტი და მცდელობა, შეცვალოს ეს ხელისუფლება და ბოკერია არის ამ საზოგადოების ინტერესების გამტარებელი,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრი, ირაკლი აბესაძე.