პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, მმართველი გუნდის ყოფილი წევრი თამარ ხულორდავა 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეში არა მხოლოდ სამართალდამცავი, არამედ განათლების სისტემის პრობლემას ხედავს.
ხულორდავას განცხადებით, განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი.
"ჩემი აზრით, ეს არ არის მხოლოდ მართლმსაჯულების პრობლემა, ასევე არის განათლების სისტემის პრობლემა. სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ ყველამ, მთლიანად საზოგადოებამ და ვფიქრობ, რომ განათლების სისტემაში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი. განსაკუთრებით, როცა მოზარდები არიან ჩართული ამ საკითხებში, კიდევ უფრო მეტი სიფრთხილე და ყურადღება მართებს ყველა ორგანოს, საგამოძიებო ორგანოებს, ბავშვებთან ურთიერთობის პროცესში და როგორც ჩანს, ეს არ იყო დაცული და ამაზე საჭიროა ძალიან მნიშვნელოვანი რეაგირება," - განაცხადა თამარ ხულორდავამ.
შეგახსენებთ, 15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც 12 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ამ ფაქტს წინ უძღოდა "მწვანე სკოლის" ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერები, რომელთა გამოც, მოსწავლე მოწმის სახით დაკითხეს. ოჯახის წევრების და უფლებადამცველების თქმით, მოზარდზე პოლიციამ ფსიქოლოგიურად იძალადა.