14 სექტემბერი 2026,   09:57
ვრცლად
ცოტნე გამსახურდიას საქმე - ადვოკატი პეტრე ყუფარაძისათვის 2000 ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს

ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებული პეტრე ყუფარაძის ადვოკატი, სააპელაციო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. ამის მიზეზად კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის უკანონო პატიმრობას ასახელებს და აღნიშნავს, რომ ალტერნატიულ საკითხად გირაოს გადახდის ვერსიასაც განიხილავს. 

"პეტრე ყუფარაძის საქმეზე აპელაციაში სარჩელს შევიტანთ, ვთვლით, რომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება უკანონოა, მას არ აქვს დანაშაულში მონაწილეობა მიღებული, მაგრამ ვაყენებ ალტერნატიულ საკითხს იმ შემთხვევაში, თუ ეს არ მოხდება გირაო შეუფარდონ 2000 ლარის ოდენობით. როდესაც მოსამართლემ მიიღო ასეთი განჩინება, რომ პეტრე ყუფარაძე უნდა დარჩენილიყო პატიმრობაში, ამის არავითარი არგუმენტი არ მოუყვანია. უბრალოდ ახსენა, რომ ის ხელს შეუშლიდა სხვა შემთხვევაში გამოძიებას ან მიიმალებოდა," - განაცხადა პეტრე ყუფარაძის ადვოკატმა ვაჟა არობელიძემ.

რაც შეეხება ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობას, ექიმის განცხადებით, მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა.

"ამ ეტაპისთვის პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. კლინიკური სურათი დინამიკაში არ შეცვლილა. შესაბამისად დღეს, რაიმე ტიპის დამატებითი გამოკვლევის ჩატარება არ იგეგმება. პაციენტი სამკურნალო ნარკოზის დაცვის ქვეშ, კვლავინდებურად მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მკურნალობა იგივე რეჟიმით გაგრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაშიც," - განაცხადა ცოტნე გამსახურდიას ექიმმა ნიკოლოზ კვაჭაძემ.

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პირები ქვეყნიდან მიმალვას ცდილობდნენ. ისინი პოლიციამ 20 დეკემბერს ქუთაისსა და სარფში დააკავა. კიდევ ერთი დაკავებული პირი პეტრე ყუფარაძე, რომელსაც სამართალდამცავები დანაშაულის დაფარვას ედავებიან ბრალს არ აღიარებს, მისი ადვოკატის ინფორმაციით, კრიმინალურ პოლიციას ფაქტის შესახებ პირველმა სწორედ ყუფარაძემ შეატყობინა, ის ცოტნე გამსახურდიას ბავშვობის მეგობარია. 

 

დღის ამბები