ვის შეიწყალებს საქართველოს პრეზიდენტი და იქნება თუ არა მათ შორის ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი მამალაძე?! - საშობაო შეწყალებასთან დაკავშირებით ბრიფინგი ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში რამდენიმე საათში გაიმართება.
შეწყალების დეტალები, რომელსაც ასეულობით ოჯახი ელოდება, ამ დრომდე გაურკვეველია. განმარტებები ამ საკითხზე არც სალომე ზურაბიშვილისა და არც მისი ადმინისტრაციის მხრიდან არ გაკეთებულა.
დაკავებული დეკანოზის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამტკიცებს, რომ სასულიერო პირის გათავისუფლებას კონკრეტული პირები ბლოკავენ და პრეზინდენტისგან შეწყალებას არ ელოდება.
"ჩემი შეფასებით და ფაქტობრივი გარემოებებით პრეზიდენტი არ შეიწყალებს დეკანოზს. გარკვეულ პირებს, როგორც საპატრიარქოში, ისე საერო პირებს, ნამდვილად არ სურთ დეკანოზის თავისუფლებაში ყოფნა, რადგან მათ მიმართ საზოგადების მხრიდან ძალიან ბევრი კითხვა იქნება დასმული. ეს არის კარგად დაგეგმილი ფინიში," - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.
დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით სინოდმა გადაწყვეტილება 31 ოქტომბერს მიიღო და მისი შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს შუამდგომლობით მიმართა.