"დამპალოს" სასაფლაოზე დაპირისპირებისას ნაწამები და გარდაცვლილი ახალგაზრდის ძმა, დიმიტრი წურწუმია მომხდარის დეტალებს ჰყვება.
დიმიტრი წურწუმიას თქმით, მისი ძმები მანქანის გატაცებას არ აპირებდნენ და მანქანა თავად გააჩერეს.
"როცა მივიდნენ საფლავზე, იდგა მანქანა დაქოქილი, გათბობა ჩართული, ოღონდ კაციშვილი არ იჯდა. მანქანაში ჩასხდნენ, გაწიეს სადღაც 10-15 მეტრი და უკვე რომ მოვიდნენ აზრზე, რომ სხვისი მანქანა იყო, გააჩერეს და გადმოვიდნენ. ისინი უკნიდან დაესხნენ თავს და დაუწყეს ცემა. შემდეგ წამოიყვანეს ეს ჩემი ძმა. ჩემს ძმას ჰქონდა ეპილეფსია, ჩხუბის დროს გაითიშა და ურტყეს და ურტყეს თავის არეში,"- ჰყვება გარდაცვლილის ძმა.
დიმიტრი წურწუმიას განცხადებით, ინციდენტში მონაწილე მეორე პირს სახელმწიფო მფარველობს და ბრალი ამიტომაც არ წაუყენეს.
"ამ მეორეს დაჭერას აპირებდნენ, მაგრამ ზემოდან არის დარეკილი, რომ ჩახსნეს ამის დაჭერა. ჩემს ძმებს თუ რამე დანაშაული ჰქონდათ, თვითონ პოლიციელი იყო, მოეკიდა ხელი, დაერეკა პოლიციაში და ჩაებარებინა, არ მერჩივნა ციხეში მჯდარიყო, ვიდრე მკვდარი მყავს აქ?!" - განაცხადა დიმიტრი წურწუმიამ.
შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, 2 იანვრის ღამით, ე.წ. "დამპალოს" სასაფლაოს ტერიტორიაზე პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ზურაბ ფოფხაძემ მურად წურწუმიას მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ინციდენტისას ადგილზე იმყოფებოდა მურად წურწუმიას ძმაც, რომელმაც დაპირისპირებისას დაზიანებები მიიღო. ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთ პირს, ზურაბ ფოფხაძის თანმხლებს, ამ დრომდე ბრალი არ წარდგენია.
ზურაბ ფოფხაძეს დღეს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გარდა ამისა, მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე.