18 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
რეფორმების მეოთხე ტალღა ქართულ მართლმსაჯულებაში - რა მოლოდინი აქვს ხელისუფლებას და მათ ოპონენტებს

მორიგი ტალღა, რომელმაც სასამართლო სისტემას უნდა გადაუაროს, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მორიგი ურთიერთბრალდებებისა და დაპირისპირების მიზეზი ხდება. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე ამოქმედებული რეფორმა სასამართლო სისტემას ვერ გააუმჯობესებს, რადგან სისტემაში სახელისუფლებო გავლენები და კლანური მმართველობაა.

რეფორმა ფორმალურია იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებისთვისაც. მათი თქმით, მართლმსაჯულების სისტემის მთავარი პრობლემა კლანური მმართველობაა და ასეთ პირობებში ცვლილებებს აზრი არ აქვს. კრიტიკულია არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციებიც.

მმართველ გუნდში მესამე სექტორისა და ოპონენტების ბრალდებებს ბრალდებითვე პასუხობენ და წინა ხელისუფლების დროინდელ სასამართლოს იხსენებენ. "ქართული ოცნების" წევრების მტკიცებით, მეოთხე ტალღის რეფორმა სისტემაში არსებულ გამოწვევებს პასუხობს და სასამართლოს უფრო მეტ ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას აძლევს.

სასამართლო სისტემის მეოთხე ტალღის რეფორმაზე მუშაობა ერთი წლის წინ დაიწყო. სამუშაო ჯგუფში მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან ერთად იყვნენ ოპოზიციის, მესამე სექტორისა და საბჭოს არამოსამართლე წევრები. რეფორმაზე იმუშავეს ასევე ლევან მურუსიძემ, გიორგი მიქაუტაძემ და დიმიტრი გვრიტიშვილმა, რომლებიც სასამართლო ხელისუფლების გავლენიანი "კლანის" წევრებად მიიჩნევიან.

ცვლილებები იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სკოლის რეფორმას ითვალისწინებს:

1. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებული ხდება დაასაბუთოს, როცა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეებს ამტკიცებს

2. რეგულირდება რაიონული და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა დანიშვნის დროს ინტერესთა კონფლიქტის საკითხი

3. იზრდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულება

4. ცვლილებები შედის იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესში

5. იცვლება მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი

საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები პარლამენტმა ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე დაამტკიცა. რეფორმის ამოქმედებიდან მალევე, ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის განცხადება გავრცელდა, სადაც სტრატეგიულმა პარტნიორებმა ცვლილებები მოიწონეს და მხარი დაუჭირეს.

დღის ამბები