ოპოზიცია ე.წ. შავ სიას უახლოეს დღეებში გაასაჯაროვებს. ლიდერების განცხადებით, კონსულტაციები გრძელდება და მათ მიერ შედგენილი სია კონკრეტული სახელებით და გვარებით ეტაპობრივად გასაჯაროვდება.
ოპოზიციის განმარტებით, იქნება ორი სია, ერთში ის საჯარო პირები შევლენ, რომლებიც პოლიტიკური დევნის შემთხვევებში მონაწილეობენ, მეორეში კი - დაზარალებულები.
"არანაირ შავ სიას ჩვენ არ ვაწარმოებთ და ანგარიშსწორებას არ ვაპირებთ. ჩვენ ვაგროვებთ მტკიცებულებებს პოლიტიკური რეპრესიების განმახორციელებელ მოსამართლეებზე, პროკურორებზე და პოლიციელებზე, რათა ადრე თუ გვიან მათ მოეთხოვოთ პასუხი. ჩვენ ვაკეთებთ ე.წ. თეთრ სიასაც, 250-ზე მეტი პირია დასახელებული, ვინც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა," - აცხადებს "ლეიბორისტული პარტიის" უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი.
უმრავლესობა ოპოზიციის ინიციატივას არასერიოზულად თვლის და ამბობს, რომ პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბარი იმ პირების მხრიდან, რომლებიც ყოფილ ხელისუფლებას წარმოადგენდნენ, მიუღებელია.
"2012 წლამდე მათ ჰქონდათ შედგენილი შავი სიები და ახალი სიის შედგენა არ სჭირდებათ. დღეს, როდესაც ამაზე საუბრობენ, ცოტა სასაცილოდაც მეჩვენება. ისინი როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, საზოგადოებისთვის საშიში იყო მათი შავი სიების არსებობა," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა.
"სრულიად მიუღებელია ე.წ. შავი სიების შექმნა განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას სრულ ტერორში ამყოფებდა. ყველას კარგად გვახსოვს, როგორ ვცხოვრობდით, როდესაც ამ ქვეყანაში 300 000 პრობაციონერი არსებობდა და მოსახლეობის 10 % გასამართლებული იყო იმ რეჟიმის მიერ, რომელიც დღეს "შავი სიების" შედგენას ცდილობს," - აცხადებს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.