ოპოზიციაში ე.წ. შავი სიის სახელწოდებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ იმ ჩამონათვალს, რომელზეც ახლა ლიდერები მუშაობენ და რომელშიც მათი თქმით, პოლიტიკური დევნის საქმეების მთავარი ფიგურანტები უნდა შეიყვანონ, "შავი სია" არ უნდა ერქვას.
ოპოზიციის ნაწილისთვის განმარტებით, ეს არის ხელისუფლების მხრიდან აგორებული შავი პიარ-კამპანიის ნაწილი, რომელიც ემსახურება იმას, რომ ეს სია როგორც რეპრესიებისა და ე.წ. დასაჭერ პირთა სიად წარმოადგინოს.
პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია ამბობს, რომ აღნიშნული სია ერთგვარი შემაკავებელი ეფექტისთვის არის შექმნილი იმისათვის, რომ მმართველი პარტიის მხრიდან ქვეყანას ნაკლები ზიანი მიადგეს.
"ის მოინათლა ხელისუფლების პროპაგანდის მხრიდან, როგორც რაღაცა ვითომ და ამოცანაა დასაჭერების სიის გაკეთება, რაც არის კლასიკური სიცრუე და უტიფრობა მათი მხრიდან. ეს სია არის ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ქვეყანას სანამ ივანიშვილი და მისი კლონები არიან ხელისუფლებაში, ნაკლები ზიანი მიაყენოს, შემაკავებელი ეფექტისთვის არის.
ამ ადამიანებს უნდა შეექმნათ პრობლემები იმისთვის, რომ ნაკლები რისკი იყოს, რომ სხვა ადამიანები ჩართოს ხელისუფლებამ ამაში,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მდივნის განმარტებით, ეს სია ითვალისწინებს მხოლოდ და მხოლოდ სანქციების დაწესებას იმ მოსამართლეების, პროკურორებისა თუ პოლიციელებისთვის, რომლებიც თინა ბოკუჩავას განმარტებით, უკანონო გადაწყვეტილებებს იღებდნენ. მისი შეფასებით, ამ სიას უნდა ეწოდოს "სანქციების სია", რომელიც ე.წ. "მაგნიტსკის სიის" ერთგვარად არაზუსტი ანალოგი იქნება.
"სწორი დასახელება და არსიც ამ სიის არის "სანქციების სია" იმიტომ, რომ ეს ითვალისწინებს იმ ადამიანთა ჩამონათვალს, რომელიც კანონსაწინააღმდეგოდ მოქმედებენ და რომელთა გვარებს ჩვენ გადავცემთ დასავლელ პარტნიორებს იმისთვის, რომ მათ დააწესონ ფინანსური სანქციები ან გადაადგილების შეზღუდვები, როგორც მომხდარა წარსულში, მაგალითად "მაგნიტსკის სიის" შემთხვევაში," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.
"ახალი საქართველოს" თავმჯდომარისთვის კი, აღნიშნული სიისთვის "20 ივნისის" სახელწოდება არის მისაღები, რადგანაც ის მიიჩნევს, რომ ამ სიის შემუშავების საჭიროება სწორედ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ გახდა საჭირო.
"შავი სია უშინაარსოა ჩემი აზრით, არაფერ შუაში არ არის. ეს არის სანქციების სია 20 ივნისთან დაკავშირებული ხო, 20 ივნისის შემდეგ ხდება ეს ყველაფერი ქვეყანაში, შესაბამისად 20 ივნისის სია შეგვიძლია ვუწოდოთ ამას," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
სიის დასახელებას ოპოზიციის გარკვეული ნაწილისთვის კი საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ისინი მას ერთგვარად სკეპტიკურადაც კი უყურებენ.
"არ ვიცი რამდენად რეალისტურია, მაგრამ ადამიანები არიან, რომლებსაც სჯერათ, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია. არ ვიცი რამდენად აქვთ მათ კომუნიკაცია თვითონ საელჩოებთან, შეიძლება აქვთ, ამიტომ გამიჭირდება ამის თქმა, მაგრამ თუ ასეთი მოლაპარაკება არსებობს და ჩვენი დასავლელი პარტნიორები თანახმა არიან, რომ მსგავსი ნაბიჯები გადაიდგას, რატომაც არა," - განაცხადა "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ.