გადაწყვეტილების გამოცხადებას, რომლის მიხედვითაც, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" მთავრობა ხელშეკრულებას წყვეტს, ოპოზიციონერი ლიდერები თითქმის იდენტური ფრაზებით გამოეხმაურნენ.
ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ თვეების წინ გამოთქმული პროგნოზი გამართლდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი არა კონსორციუმის უმოქმედობით, არამედ ხელისუფლების ზეწოლით შეფერხდა.
პროექტის ვერ განხორციელებაზე პასუხისმგებლობას სრულად ანაკლიის კონსორციუმს აკისრებს მმართველი გუნდი. მეტიც, დღეს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ამბობდა, რომ კონსორციუმმა სახელმწიფო გადააგდო. უმრავლესობის ლიდერები ამბობენ, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის ანაკლიის პროექტი არა ხელისუფლებამ, არამედ პირიქით, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ გამოიყენეს.
პოლიტიკოსების მსგავსად, ორად იყოფა ანალიტიკოსების მოსაზრებები. ნაწილი პასუხისმგებლობას ცალსახად მთავრობას აკისრებს. ისინი "კურიერთან" რამდენიმე არგუმენტს ასახელებენ, თუ რატომ მიაჩნიათ, რომ კონსორციუმს ხელი შეგნებულად შეუშალეს. ამასთან, კვლავ აქტუალურია მოსაზრება, რომ პროექტის გაჭიანურებაზე გავლენას რუსეთის ინტერესები ახდენს.
ნაწილი ფიქრობს, რომ პოლიტიკურ პროცესებზე აპელირება უადგილოა, რადგან კონსორციუმი ვალდებულებებს ჯერ კიდევ მაშინ ვერ ასრულებდა, როდესაც საკითხი პოლიტიკურად აქტუალური არ იყო.
პორტის პროექტი, რომლის განხორციელების აუცილებლობა საკონსტიტუციო ჩანაწერითაც გამყარებულია, ექსპერტების და პოლიტიკოსების ნაწილის შეფასებით, მინიმუმ 2 წლით შეფერხდება.
ვინ შეიძლება ვიხილოთ პოტენციური ინვესტორების ჩამონათვალში სამომავლოდ - მთავრობა ამბობს, რომ აქცენტი დასავლურ საფინანსო ინსტიტუტებსა და კომპანიებზე გაკეთდება, ოპოზიციისა და კრიტიკულად განწყობილი ექსპერტების მოსაზრებით კი არსებული გამოცდილებით, დასავლეთში სოლიდური პარტნიორების მოძიება რთულად წარმოსადგენია.