18 ნოემბერი 2024,   13:35
ვრცლად
"20 ივნისის სია" "შავი სიის" ნაცვლად - ვინ დაარქვა სიას "შავი" და ვისთან აქვს პრეტენზიები ოპოზიციას

ვინ უწოდა პირველად სიას "შავი"? მეორე დღეა ოპოზიცია ცდილობს აიცილოს პასუხისმგებლობა და გაემიჯნოს სახელს, რომელსაც უკმაყოფილება თავად ოპოზიციის რიგებში მოჰყვა.

რატომ გახდა სადავო სახელი, რომელიც სიას რამდენიმე კვირის წინ თავად ოპოზიციის წარმომადგენლებმა უწოდეს? კონკრეტულ მიზეზზე ხმამაღლა არავინ საუბრობს, თუმცა დღეს თითს ხან ხელისუფლებისკენ, ხან კი მედიისკენ იშვერდნენ. სწორედ მედიაში ინახება კომენტარები, რომლის მიხედვითაც სიას "შავი" თავად ოპოზიციამ დაარქვა.

სიას, რომელზეც ოპოზიცია რამდენიმე კვირაა მუშაობს, დღეს სახელი გადაერქვა. "20 ივნისის სია" - სწორედ ასე მოიხსენიებს ამიერიდან ოპოზიცია სიას, რომელსაც ჯერ "შავს" უწოდებდნენ, შემდეგ კი "სანქციების სიას".

ოპოზიციის ნაწილისთვის სიის სახელწოდება საერთოდ უმნიშვნელოა, ნაწილი კი მას სკეპტიკურადაც უყურებს.

სახელის გარდა ოპოზიციის შიგნით დაპირისპირების მიზეზი აღმოჩნდა სიის შინაარსიც. "ძალა ერთობაშიას" წარმომადგენელი, პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სიას არ აქვს სამართლებრივი საფუძველი და ის არის შედეგი ოპოზიციის გაერთიანების, რომელსაც საერთო ღირებულებები არ აქვს.

თაკო ჩარკვიანი პოლიტიკურ გაერთიანებას მოუწოდებს, ოპოზიციასთან სამომავლო თანამშრომლობის შესახებ  მოლაპარაკებები გამართონ.

მოლაპარაკებებს არ გამორიცხავენ, თუმცა ოპოზიციის ერთიანობაზე ამახვილებენ ყურადღებას გაერთიანებაში შემავალი პარტიები.

სიის ხუთეული უკვე გამოქვეყნებულია, რომელშიც მოსამართლეები, პროკურორები და მერიის მაღალჩინოსნები მოხვდნენ. მორიგ ხუთს ოპოზიცია მალე გაასაჯაროებს, თუმცა, როდის გადაუგზავნიან მას საერთაშორისო პარტნიორებს, ჯერ უცნობია. ეს სავარაუდოდ მას შემდეგ მოხდება, როდესაც მათთან საკითხზე ოფიციალური კომუნიკაცია შედგება.

"20 ივნისის სიის" პარალელურად ხელისუფლების ოპონენტები ე.წ. დაზარალებულთა სიაზეც მუშაობენ, რომლებთან დაკავშირებითაც რეაგირებას კვლავ უცხოელ პარტნიორებისგან ელოდებიან.

დღის ამბები