ცნობილი გახდა, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებულის, გიორგი ბარბაქაძის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა.
"გ.ბ. დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდში გამართლებულია ორგზის. ამ კუთხით, ეს საკითხი ჩვენთვის ამოწურულია. რაც შეეხება, მეორე ეპიზოდს, ლევან დადუნაშვილის ეპიზოდს, თუ გაფორმდება საპროცესო შეთანხმება, აქ კანონითაა განსაზღვრული, რა შეიძლება იყოს საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველი და ჩვენც, რა თქმა უნდა, თუ ეს მოხდება, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ," - განაცხადა რამაზ ჩინჩალაძემ.
პროკურორის, თორნიკე ნადირაძის თქმით, 24 იანვარს გახდება ცნობილი, რამდენადაა შესაძლებელი, რომ გიორგი ბარბაქაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს.
შეგახსენებთ, პროკურატურასა და დაცვის მხარეს შორის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჯანაშიას სასჯელი შეუმსუბუქდება. რამდენ წელს ჩამოაკლებენ ჯანაშიას, რომელსაც 11 წელი აქვს მისჯილი, სავარაუდოდ, 24 იანვარს, უზენაესი სასამართლოს პირველ მოსმენაზე გაირკვევა. სხდომა დღეს უნდა გამართულიყო, მაგრამ ადვოკატების მოთხოვნით გადაიდო.