არის თუ არა ე.წ. ციანდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძის ჯანმრთელობა სერიოზული რისკის ქვეშ – დამოუკიდებელ ექსპერტებს, რომლებსაც ამ კითხვაზე დადებითი პასუხი აქვთ, დღეს გლდანის ციხის საავადმყოფოში გამოკითხავენ.
სწორედ იქ გაიმართება სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი.
სასჯელის გადავადების შუამდგომლობით სასამართლოს EMC-მ მიმართა.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი შეფასებით, დეკანოზის დიაგნოზი დისოციაციური მოტორული აშლილობაა, რომლის მართვის საშუალებაც სასჯელაღსრულების დაწესებულებას არ გააჩნია.
"წარდგენილი გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ექსპერტიზის დასკვნა, რომლებიც ადასტურებენ, რომ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებს. საჭიროა მისი მკურნალობა სასჯელაღსრულების გარემოსგან მოშორებით განხორციელდეს," - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სისხლის სამართლის ადვოკატმა ქეთი ჩუთლაშვილმა.