ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში მედიის შეზღუდვას "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" აკრიტიკებს. საუბარია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, რომლის გამოც ორი დღის წინ სოფელ ჩორჩანას საგუშაგოსთან ახლოს მდებარე ტყეში ჟურნალისტები არ მიუშვეს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მის მიმდებარედ არსებული ვითარება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემაა და პროცესებიდან მედიის დისტანცირება და მხოლოდ ფრაგმენტული გაშუქება დაუშვებელია.
"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" შინაგან საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს შეიმუშაოს მექანიზმი, რომელიც მცოცავი ოკუპაციის გაშუქებისას, ჟურნალისტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და, პარალელურად მისცემს მათ პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელების შესაძლებლობას.
"არაერთხელ დაფიქსირდა მსგავსი შეზღუდვის ფაქტები, როდესაც საუბარია მცოცავ ოკუპაციაზე, რა თქმა უნდა, ამ პროცესებისგან მედიის დისტანცირება არის დაუშვებელი. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ მედიას უნდა ჰქონდეს სრული უფლება, გააშუქოს იქ მიმდინარე პროცესები. შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართავთ რეკომენდაციით, რომ შეიმუშავოს მექანიზმი, რომლითაც, ერთის მხრივ, დაცული იქნება ჟურნალისტთა უსაფრთხოება, ხოლო, მეორეს მხრივ, მათ მიეცემათ შესაძლებლობა, თავისუფლად გადაადგილდნენ, იმუშაონ და გააშუქონ ის პრობლემები, რომელიც არის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე,“-განაცხადა "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა.