18 ნოემბერი 2024,   15:26
ვრცლად
3 წლიანი პირობითი მსჯავრი და 2000 ლარიანი გირაო - 20 ივნისის საქმეზე დაკავებული სამი პირი თავისუფალია 

20 ივნისის საქმეზე დაკავებული სამი პირი საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდა. დაკავებულებმა დარბაზი მას შემდეგ დატოვეს, რაც მოსამართლემ მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება გამოაცხადა.

კახაბერ კუპრეიშვილის მსგავსად, თავი დამნაშავედ სცნეს ზურაბ ბუდაღაშვილმა და ცოტნე სოსელიამ. 20 ივნისის საქმეზე დაკავებულებმა 9 თვიანი პატიმრობის შემდეგ, დანაშაული თავისუფლების სანაცვლოდ აღიარეს, რის შემდეგაც დაცვასა და ბრალდებას შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა - სამწლიანი პირობითი მსჯავრი და 2000 ლარიანი გირაო.

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლებულმა ზურაბ ბუდაღაშვილმა დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პატიმრობაში ბრძოლის გაგრძელების აზრს ვერ ხედავდა. მედიასთან საკუთარ პოზიციაზე და 9 თვის შემდეგ აღიარების მიზეზებზე ისაუბრა კახაბერ კუპრეიშვილმაც.

ზურაბ ბუდაღაშვილის აღიარება განმარტა მისმა უფლებადამცველმა. ადვოკატის თქმით, შეთანხმება ორივე მხარის სურვილის და გამართული კონსულტაციების საფუძველზე გაფორმდა.

20 ივნისის საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი ბესიკ თამლიანია. მას დღეს გათავისუფლებულების მსგავსად, სრულად იდენტური მუხლი აქვს, თუმცა ბრალდებას არ აღიარებს. თამლიანის უფლებადამცველის თქმით, დაკავებული ბრძოლას იქამდე განაგრძობს, ვიდრე საკუთარ უდანაშაულობას არ დაამტკიცებს.

20 ივნისის საქმეზე დაკავებული 18 ბრალდებულიდან ბრალდება - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და პოლიციელისადმი წინააღმდეგობის გაწევა, სულ 13-მა აღიარა. 5 პირის მიმართ გამოძიება გრძელდება, ერთ-ერთია ბესიკ თამლიანი, რომლის მომდევნო პროცესი 10 მარტს ჩაინიშნა.

დღის ამბები