18 ნოემბერი 2024,   15:58
ვრცლად
აჭარის ტელევიზიაში მოგვაწოდეს დოკუმენტები და თუ იქ აღნიშნული დეტალები სიმართლეა, ბევრი რამე შეიცვლება - კილაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას შეხვდა.

საუბარი შეეხო მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს და ჟურნალისტთა ნაწილის მხრიდან გამოთქმულ პროტესტს. კილაძის თქმით, ობიექტური სურათის შესაქმნელად, მან მოისმინა როგორც ხელმძღვანელობის, ასევე ჟურნალისტების პოზიციები.

"ჩვენ მათაც შევხვდით, ვისაც ჟურნალისტების ნაწილი პრეტენზიებს უყენებს და ჩამომიყალიბდა გარკვეული დამოკიდებულება და შეხედულება. დღეს ჩვენ მოგვაწოდეს კიდევ რაღაც დოკუმენტები და თუ იქ აღნიშნული დეტალები სიმართლეა, ბევრი რამე შეიცვლება,"- განაცხადა სოფიო კილაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი აბაზაძის განცხადებით, ჟურნალისტთა ნაწილის ბრალდებები მისი მისამართით დაუსაბუთებელია.  მისივე თქმით ის მაუწყებლის ახალი ამბების დამოუკიდებლად მუშაობის გარანტორი იქნება.

"მე მათ მივაწოდე ინფორმაცია არსებულ კრიზისულ მდგომარეობაზე. ამ ეტაპზე შეუძლებელია ამ პირობებში ახალი ამბების კეთება. ვერავინ იტყვის, რომ რომელიმე ჟურნალისტს ახლა დაავალეს, რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკა აღარ უნდა იყოს,"- განაცხადა გიორგი აბაზაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ილია ნაკაშიძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია წესდება რის მიხედვითაც ორივე მხარემ უნდა გააგრძელოს ბრძოლა ყოველგვარი ემოციური მიდგომების გარეშე.

დღის ამბები