საქალაქო სასამართლომ EMC-ს სარჩელი არ დააკმაყოფილა, შესაბამისად, დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობაში რჩება. ორგანიზაცია მამალაძის სასჯელის გადავადებას მოითხოვდა. გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაცია ი-ემ-სი გაასაჩივრებს.
"სასამართლომ აღნიშნა, რომ სხვა ექსპერტიზის დასკვნებით მითითებული იყო, რომ დეკანოზს აქვს კონკრეტული სამედიცინო დიაგნოზი და ამ დიაგნოზში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობდა, თუმცა მიუთითა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის შეუსაბამო სასჯელის მოხდის პირობებთან. ჩვენ არ ვეთანხმებით სასამართლოს ამ შეფასებას და ვაპირებთ მის გასაჩივრებას,"- აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სისხლის სამართლის ადვოკატი ქეთი ჩუთლაშვილი.
პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელ ნიკა აბრამიშვილის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით არ იკვეთება ის გარემოება, რომ მსჯავრდებული მძიმე ავადმყოფობითაა დაავადებული.
"სასამართლომ განმარტა, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით არ ირკვევა, რომ მსჯავრდებული მძიმე ავადმყოფობით არის დაავადებული და ხელს უშლის სასჯელის მოხდას. ჩვენი პოზიციაც სწორედ ის იყო რა გადაწყვეტილებაც მიიღო სასამართლომ. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით გათვალსწინებულ მოთხოვნებს,"- აღნიშნავს პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი ნიკა აბრამიშვილი.
საქართველოს საპატრიარქომ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საპატრიარქოს პოზიციაა, მამა გიორგის შეწყალება ან სასჯელის შემსუბუქება.
მამა შალვა კეკელიამ დღეს "კურიერს" განუცხადა, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის გათვალისწინებით, საპატრიარქო გიორგი მამალაძის შეწყალების მომხრეა, დანარჩენი კი სახელმწიფოს პრეროგატივაა.