საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან 3 კვირა გავიდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით ქვეყანაში 40 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის ერთი გამოჯანმრთელდა. სხვადასხვა კლინიკებში მოთავსებული პაციენტებიდან 12-ს პნევმონია აქვს. ექიმები სამ შემთხვევას საყურადღებოდ მიიჩნევენ. კარანტინში 1344, თვითიზოლაციაში კი 1446 ადამიანი იმყოფება.
80 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული, მისი მდგომარეობა მძიმეა. მას 11 მარტს ჰქონდა კონტაქტი პირთან, რომელიც, სავარაუდოდ, იტალიაში იმყოფებოდა. მასთან ერთად იმავე ღონისძიებაზე იმყოფებოდა დაახლოებით ასამდე ადამიანი, ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან და მათზე დაკვირვება ხორციელდება.
"გამოხატული იყო სუნთქვის მზარდი უკმარისობა. ეს არის მესამე ტიპის ინფიცირება ანუ გავრცელების მხრივ. ქალბატონთან ინფიცირების წყარო დადგენილია, წარმოადგენს ერთ კლასტერულ სისტემაში მიმდინარე პროცესს. ღონისძიება იყო -"ორმოცი" და იქ იყო 80-მდე ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი წარმოადგენდა ინფიცირებულს , რომელსაც დიაგნოზი რამდენიმე დღის უკან დაესვა. უკვე მესამე შემთხვევაა იმ ფაქტიდან ჩვენ კლინიკაში მოთავსებული," - განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა.