თვითიზოლაციის წესის დარღვევის შემთხვევების გამო, იძულებით კარანტინში გადაყვანილთა რიცხი ყოველდღიურად იზრდება.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით 14 პირი გამოავლინეს, ვინც წესები დაარღვია და თვითიზოლაციის ნაცვლად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იმყოფებოდა.
ურჩი მოქალაქეები გადაადგილდებოდნენ პირბადეებისა და ვირუსის გავრცელებისგან სხვა დამცავი საშუალებების გარეშე. თვითიზოლაციის წესების დამრღვევ პირთა რაოდენობამ 140-ს გადააჭარბა. ის ადამიანები, ვინც არამარტო საკუთარ, არამედ სხვის ჯანმრთელობასაც საფრთხის ქვეშ აყენებს, სავალდებულო და იძულებით კარანტინს სპეციალურად მოწყობილ ზონებში გაატარებს.
თვითიზოლაციის დამრღვევი პირების რაოდენობის ზრდასთან ერთად, იხსნება ახალი საკარანტინო ზონები. იმერეთის რეგიონში დღეს მეოთხე ასეთი ზონა დაემატა. წყალტუბოში 70-ზე მეტი ადამიანია მოთავსებული, 115 პირია ასევე წყალტუბოს კიდევ ერთ საკარანტინო სივრცეში. კარანტინს 192 ადამიანი გადის საირმეში, საჩხერეში კი, 28 პირი რჩება. 410 მოქალაქიდან ნაწილი, სპეციალისტების გადაწყვეტილებით თვითიზოლაციაში გადავიდა.
თვითიზოლაციაში მყოფთა რიცხი 283-მდე გაიზარდა კახეთში. პოლიციის დახმარებით საქართველოს 3 მოქალაქე იძულების წესით კარანტინში მოათავსეს. სპეციალისტების მეთვალყურეობა კი, 6 პირს მოეხსნა.
42 პირი გადის საკარანტინო პერიოდს აბასთუმნის ფილტვის ცენტრში. აქედან 2 პირი თვითიზოლაციის დარღვევის გამო იძულების წესით შეიყვანეს.
სამართალდამცავები და სპეციალისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მოქმედ მოთხოვნებს დაემორჩილონ. COVID-19-ის ფართო გავრცელების თავიდან ასაცილებლად მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, მარტივი რეკომენდაციის - "დარჩეთ სახლში" უგულვებელყოფა კი, საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც თქვენს, ასევე სხვის ჯანმრთელობას.
ავტორი: ქეთი ზანთარაია