საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ჯანდაცვის თემატური ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის თემატური ჯგუფის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას. აღინიშნა, რომ უკვე გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი, რომლებსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად, თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცათ.
შეხვედრაზე განხილული იყო მსოფლიოში და ქვეყანაში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური ტენდენციები და ამის გათვალისწინებით ჯანდაცვის სისტემის მზაობის დონე. აღინიშნა, რომ მსოფლიო პრაქტიკით, საჭიროებისა და პაციენტთა რაოდენობის სწრაფი ზრდის შემთხვევაში, ეპიდემიოლოგები განიხილავენ მათ შორის სახლში მკურნალობასაც.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური ვითარების, ინფიცირებულ პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის, ახალი შესაძლო შემთხვევების შესახებ და კორონავირუსთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე საზოგადოების ეფექტური ინფორმირების მიზნით, ვებგვერდ www.stopcov.ge-თან ერთად, ერთიანი საინფორმაციო ცენტრი იმოქმედებს, სადაც ბრიფინგები რეგულარულად გაიმართება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო პაციენტთა ნაკადების მართვის თვალსაზრისით საქართველოს მასშტაბით არსებულ ვითარებას, ასევე სახმელეთო საზღვრებზე შემოსულ პირთა საკარანტინო ზონებში გადამისამართების საკითხს.
მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სომხეთის რესპუბლიკასთან არსებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტებიდან, მგზავრებს - საქართველოს მოქალაქეებს, შემოსვლა მხოლოდ სადახლოს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით შეეძლებათ, ხოლო სატვირთო მოძრაობა დასაშვები იქნება შეუფერხებლად, ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან. ანალოგიური შეზღუდვა გავრცელდება აზერბაიჯანთან არსებულ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, შეუფერხებლად იმოძრავებს ტვირთები, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს შემოსვლა მხოლოდ წითელი ხიდის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით შეეძლებათ.