კახეთის მასშტაბით საკარანტინო ზონაში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა 476-მდე გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, თვითიზოლაციაში 455 მოქალაქე იმყოფება, 43-ს კი სპეციალისტების მეთვალყურეობა მოეხსნა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურის გამო თბილისში 50 წლამდე მოქალაქე გადაიყვანეს, რომლის ანალიზების პასუხიც შესაძლოა დღის ბოლომდე გახდეს ცნობილი.
ნელი ხიზანიშვილის თქმით, რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია და ჯერჯერობით არც ერთი კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა არ დადასტურებულა.
"ბოლო კვირების მანძილზე, ბოლო 24 საათში პირველად დაფიქსირდა, რომ რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში მყოფი არც ერთი პირი საკარანტინო ზონაში იძულებით არ გადაგვიყვანია. ეს ძალიან კარგია. ჩვენ მუდმივად ვამოწმებთ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, რაშიც პოლიცია გვეხმარება.
ამ ეტაპზე, მაღალი ტემპერატურის ნიშნებით მხოლოდ ერთი ადამიანია გადაყვანილი თბილისში, რომელსაც უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს," - განმარტა ნელი ხიზანიშვილმა.
თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში არსებულ 8 საკარანტინო სივრცეში მყოფი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, სტაბილურია. მარნეულის შემთხვევასთან კი, ჯერჯერობით, არც ერთი კონტაქტი ან კავშირი არ გამოკვეთილა.