კარანტინის მეორე კვირა მარნეულსა და ბოლნისში - მუნიციპალიტეტში უსაფრთხოების ნორმები კიდევ უფრო გამკაცრებულია. პოლიცია და ჯარი მოქალაქეებს 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებს. გამშვებ პუნქტებზე ხდება ავტომანქანების დეზინფექცია.
აღსანიშნავია, რომ ასი ათასზე მეტი მოქალაქე უკვე შემოწმებულია. 4-ის მდგომარეობა იყო საეჭვო, მათი პასუხები დღეს გახდა ცნობილი და არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
თერმოსკრინინგის შედეგად, გამოიკვეთა დამატებით 12 საეჭვო პაციენტი. 7 მათგანის ბიოლოგიური მასალა უკვე გადაგზავნილია კორონავირუსის ტესტზე თბილისში და პასუხები დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.
ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, თერმოსკრინინგი აქტიურად გაგრძელდება. რეხვიაშვილის ინფორმაციით, მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების დახმარება გაგრძელდება. გარდა ამისა, რეხვიაშვილი ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ.
ამასთან, ადგილზე სამხედროები პერიოდულად ამუშავებენ ტერიტორიებსაც, იმ ტექნიკითა და აღჭურვილობით, რომელიც ქართულ მხარეს ამერიკელი და გერმანელი პარტნიორებისგან გადაეცა. ადგილზე თავდაცვის ძალებს ის სწრაფი რეაგირების ასეული ჰყავს მობილიზებული, რომელსაც რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხის დროს, ნატოს საგანგებო მომზადება აქვს გავლილი.