დღეიდან კახეთში საკოორდინაციო შტაბი საგანგებო რეჟიმზე გადადის და ოპერატიული შტაბის შესაბამისად იმოქმედებს.
რეგიონის გუბერნატორმა ყველა უწყებას ახალი რეგულაციებით გათვალისწინებული მითითებები და სამოქმედო გეგმა უკვე გააცნო - ამის შესახებ ირაკლი ქადაგიშვილმა მედიასთან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
ქადაგიშვილის განმარტებით, პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ, რეგიონში დაუყოვნებლივ დაიწყეს ახალ რეგულაციებზე და განსახორციელებელ პრევენციულ ზომებზე მსჯელობა ძალოვანებთან, ჯანდაცვის წარმომადგენლებთან და მუნიციპალიტეტის მერებთან.
საგანგებო დისტანციური თათბირზე გამოიყო რამდენიმე მიმართულება. მათ შორის, სოფლის მეურნეობის კუთხით და ასევე აუცილებლად განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე დასაქმებული თანამშრომლების მუდმივი თერმოსკრინინგი.
"ყველას უკვე მიცემული აქვს მკაფიო დავალება, რომ მუშები რომლებიც ინფრასტრუქტურულ და სოფლის მეურნეობის სამუშაოების შესასრულებლად გამოდიან, მათაც უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია. მათი დილის თერმოსკრინინგი თავად სამშენებლო კომპანიამ უნდა უზრუნველყოს.
სხვა რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანების საცხოვრებელი პირობები სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს. ერთ სივრცეში არ უნდა ცხოვრობდეს დაშვებულ რაოდენობაზე მეტი პირი, სხვა შემთხვევაში კომპანიას სამუშაო პროცესი შეუჩერდება," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ კახეთის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული.