ბათუმში ბოქსირებულ განყოფილებაში Covid-19 ინფიცირებული სულ 8 პაციენტია. მათგან ერთის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. 70 წლის მამაკაცი უკვე 5 დღეა მართვით სუნთქვაზეა. მას ორმხრივი პნევმონია აქვს. საშუალო სიმძიმის არის კიდევ ერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. დანარჩენი 6 პაციენტის შემთხვევაში კი ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
ბოლო ინფორმაციით ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით 24 პირია მოთავსებული თუმცა აქედან მხოლოდ 4 გადაიყვანეს კარანტინიდან, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით დანარჩენი 20 მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაში თვითდინებით მივიდა. ლაბორატორიული კვლევის შედეგი დღეს გახდება ცნობილი. ბათუმში საკარანტინო სივრცეში 2000-მდე პირია მოთავსებული.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე პაციენტების რაოდენობის ზრდას არ გამორიცხავს თუმცა აცხადებს, რომ ამისთვის სისტემა მზადაა და პროცესის რეგულირებაში პირველადის ჯანდაცვის სექტორიც აქტიურადაა ჩართული.