ზუგდიდში ინფიცირებული ნომერ პირველი პაციენტის ანალიზი COVID უარყოფითია - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეგრელოს განყოფილების ხელმძღვანელმა ანზორ ქობალიამ უთხრა.
მისი ინფორმაციით, ამ წუთებში განმეორებითი ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში იგზავნება და იმ შემთხვევაში, თუ ისევ უარყოფითი იქნა, პაციენტი სრულად გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება. საუბარია 67 წლის მამაკაცზე თურქეთში მოგზაურობის ისტორიით, რომელსაც COVID-19 25 მარტს დაუდასტურდა.
გარდა ამისა, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოთავსებული კიდევ ერთი პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან. მამაკაცს, რომელიც ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს, ცალმხრივი პნევმონია აქვს.
საავადმყოფოდან ანაკლიის საკარანტინო ზონაში უკვე დააბრუნეს გალიდან შემოსული ასაკოვანი მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი არ დაუდასტურდა.