09 სექტემბერი 2026,   01:34
ვრცლად
მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები და კიდევ ერთი წითელი ზონა საქართველოში - რა ვითარებაა ლენტეხში

კორონავირუსის გავრცელების რუკაზე კიდევ ერთი მუნიციპალიტეტი გაწითლდა. ლენტეხში, სადაც შვიდი ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს. მუნიციპალიტეტი 60 სოფელს მოიცავს. უკვე 17 საათია ამ ზონაში მოქალაქეთა შესვლა და გამოსვლა შეიზღუდა. საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებში კონტროლს პოლიცია და თავდაცვის ძალები ახორციელებენ. მოქალაქეებს ადგილზე უტარებენ პირველად თერმოსკრინინგს. ლენტეხში საგანგებო მდგომარეობის გამკაცრება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ახალი კორონავირუსი კიდევ ოთხ მკვიდრს დაუდასტურდა.

ადგილობრივების თქმით, მომარაგების პრობლემა ჯერჯერობით არ დამდგარა და არც პანიკა შეინიშნება.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე შეზღუდვების შესაძლო ვადებზე საუბრობს:

"შესაძლებელია გაგრძელდეს 2 კვირა, შესაძლებელია უფრო მეტხანს. გადაწყვეტილება იქნება მიღებული იმ რეალობიდან რა რეალობაც იქნება მოცემულ მომენტში. გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო ოჯახური კლასტერი, შემხებლობა დიდად არ გაზრდილა და დღეის მდგომარეობით გვაქვს 100-მდე პირველადი კონტაქტი. საკვების და მედიკამენტების კუთხით შეზღუდვა არ იქნება, უწყვეტი რეჟიმით გაგრძელდება პროდუქტებისა და მედიკამენტის მომარაგება მუნიციპალიტეტის," - განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

მუნიციპალიტეტის შესასვლელში განთავსებულ საგუშაგოზე მიმდინარეობს თერმოსკრინინგი და ავტოტექნიკის დეზინფექცია.

"თავდაცვის ძალებს დასავლეთის სარდლობამ  შექმნა გადაადგილების შეზღუდვის პუნქტი, აღნიშნულ საგუშაგოზე ერთობლივად მოქმედებს მე-3 ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა და შსს წარმომადგენლობა. მიმდინარეობს თერმოსკრინინგი და ავტოტექნიკის დეზინფექცია,"- განაცხადა დასავლეთ სარდლობის დავალებათა ოფიცერმა მამუკა მესხმა.

დღის ამბები