დაინფიცირების მორიგი შემთხვევა ქუთაისში, რომლის წყაროსაც ექიმები ამ დროისთვის, ვერ არკვევენ. კორონავირუსი პაციენტს ე.წ. ცხელების ცენტრში დაუდასტურდა.
მამაკაცმა კლინიკას თვითდინებით გუშინ მიმართა. ის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. იმერეთის რეგიონში კორონავირუსი თერჯოლასა და ვანშიც ფიქსირდება.
"გუშინ კორონავირუსი ერთ პიროვნებას დაუდასტურდა, რომელიც მაშინვე სხვა კლინიკაში გადაიყვანეს. ჩვენთან ყოფნის პერიოდში მისი მდგომარეობა სტაბილური იყო. ბოლოს ვისაც დაუდასტურდა ის ახალგაზრდა მამაკაცია. წინა ორიდან ერთი ქალბატონია მეორე კი მამაკაცი, ისინი დაახლოებით 60 წლისები არიან," -აცხადებს ჩხობაძის სამედიცინო ცენტრის აღმასრულებელი მენეჯერი, არჩილ მუკბანიანი.
ქუთაისი ინფექციურ საავადმყოფოში 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი მათგანი თავისი ფეხით მივიდა ცხელების ცენტრში. ერთი მათგანი კი ვანის მუნიციპალიტეტიდან არის და მისი წყარო ცნობილია.
სულ ქუთაისი ინფექციურ საავადმყოფოში 15 ადამიანი მკურნალობს, 14 მათგანს კი პნევმონია აღენიშნება.
"ერთი მათგანი მეუღლე ჩვენთან იწვა, ქალბატონს არ ჰქონდა დადასტურებული ვირუსი, თუმცა მას უკვე დაუდასტურდა. იყო ასეთი შემთხვევებიც, როდესაც ოჯახიდან ერთს ჰქონდა დადასტურებული და სხვას არა, ეს კი ყოველთვის ეჭვს ბადებდა, თუმცა მათ ტემპერატურა აღენიშნებოდათ ხოლმე. თუმცა შემდეგ PCR ტესტი ადასტურებდა კორონავირუსს.
ქობულეთის კლასტერიდან დედა-შვილი იმყოფება ბოჭორიშვილის კლინიკაში, 5 წლის შვილიშვილი და ბებია კი ჩვენთან მკურნალობს. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა,"- აღნიშნა ქუთაისის კლინიკა "ლჯ და კომპანია - ფილტვისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის" მთავარმა ექიმმა, თემურ ნადირაძემ.
რაც შეეხება იმერეთის ორ რეგიონს, ვანსა და თერჯოლას, პირველ შემთხვევაში ინფიცირების პირველწყარო და კონტაქტები დადგენილია, თერჯოლის ინფირებულის წყარო კი ჯერჯერობით უცნობია.
"ვანის კლასტერი დადგენილია და ისინი ქუთაისში განაგრძობენ მკურნალობას, ასევე, დადგენილია მათი კონტაქტებიც და ყველა მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფება. რაც შეეხება თერჯოლას, ჯკერჯერობით არ არის დადგენილია თუ ვინ გახდა ქალბატონის ინფიცირების წყარო. თუმცა, მისი კონტაქტერი დადგენილია და ნაწილი კარანტინში, ნაწილი კი თვითიზოლაციაშია," - აცხადებს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე.