ექიმები პაციენტის დაინფიცირების წყაროს ამ დრომდე ვერ არკვევენ ქუთაისში. კორონავირუსი მამაკაცს ე.წ. ცხელების ცენტრში დაუდასტურდა. მან კლინიკას გუშინ თავად მიმართა, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მასთან კონტაქტის გამო ათეულობით პირი თვითიზოლაციაშია, ორი კი კარანტინში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუბანში სტუმრად იმყოფებოდა და რამდენიმე პირთან ჰქონდა შეხება.
"ქუთაისის მაცხოვრებელს, რომელსაც მშობლები ჰყავს ქუთაისის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბანში კორონავირუსი დაუდასტურდა. ჩვენ გუშინ დავიწყეთ კონტაქტების კვლევა და ამ ეტაპზე სულ დადგენილია 18 კონტაქტი. აქედან ორს ინფიცირებულთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ და მათ თვითიზოლაციის პირობები არ ჰქონდათ. ამიტომ ისინი საირმის საკარანტინო ზონაში გადავიყვანეთ. დანარჩენი თვითიზოლაციაში დარჩნენ, ისინი ყველანი ჯანმრთელად არიან," -აცხადებს ბაღდათის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ექიმი-ეპიდემიოლოგი ნატო მაჩიტაძე.