უდისციპლინობისა და ხალხმრავლობის გამო, ზუგდიდის ბაზარი, შესაძლოა, ისევ დაიკეტოს - ამის შესახებ ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ უთხრა.
მისივე ინფორმაციით, სამართალდამცავებს ბაზარში დისტანციის დარღვევის გამო არაერთი ჯარიმის გამოწერა მოუხდათ. მოწერელია მოსახლეობას მოუწოდებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.
"ფაქტობრივად, საპოლიციო ძალები სრულად არის მობილიზებული ბაზარში. ნუ ვიზამთ ისე, რომ უპასუხისმგებლო მოქალაქეების გამო მეწარმეებსაც წაერთვათ მუშაობის შესაძლებლობა. თუ ასე გაგრძელდა და სამართალდამცავები გვეტყვიან, რომ დაკეტვა აუცილებელია, მაშინ ბაზარი დაიკეტება და მერე ამის განხილვა არ იყოს.
ჩვენ გავხსენით ბაზარი, რათა ადამიანებს ისეთი პროდუქტის შეძენის შესაძლებლობა ჰქონოდათ, რასაც მაღაზიებში ვერ იყიდდნენ," - აღნიშნა გუბერნატორმა.
მისივე თქმით, სიტუაციის ცვლილების შესაბამისად, არც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის შესაძლებლობას გამორიცხავს და არც სააღდგომოდ სასაფლაოების დახურვის.
"თუ არ შეწყდა გადაადგილება მოქალაქეების და გაგრძელდა ისე, როგორც არის, თუ სამართალდამცავებს სულ რიგების და დისტანციის კონტროლმა მოუწიათ, არაფერია გამორიცხული," - განაცხადა გუბერნატორმა.
მხარის რწმუნებული შესაბამის ორგანოებთან კონსულტაციებს გეგმავს, რის შემდეგაც გადაწყვეტილების შესახებ გახდება ცნობილი.
გარდა ამისა, მოწერელიამ რუხის კლინიკაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ რუხში ინფექციური საავადმყოფო მოეწყობა და ის პაციენტების მისაღებად უკვე მზად არის.
"როგორც კი პაციენტის მიღების აუცილებლობა იქნება, ამისთვის დღეს ვართ მზად, თუ იქნება მსუბუქი ფორმები, თუმცა გართულების შემთხვევაში პაციენტი გადავა სხვა კლინიკაში. საბედნიეროდ, ჯერ ამის აუცილებლობა არ არის. მოვუწოდებ მოქალაქეებს, ნუ მივიყვანთ ჩვენს რეგიონს იმ ზომამდე, რომ საავადმყოფოები გაივსოს," - აღნიშნა გუბერნატორმა. მისი ინფორმაციით, ზუგდიდში ერთი და იგივე ადამიანი კომენდანტის საათის დროს ორჯერ დააჯარიმეს.