ჯანდაცვის საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" ერთ-ერთი დამფუძნებლის და მკვლევრის, აკაკი ზოიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ COVID 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი დიდი სისწრაფით გაიზრდება, ჯანდაცვის სისტემა დატვირთვას ვერ გაუძლებს.
მან აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში, დანაკარგი იქნება არა მხოლოდ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების, არამედ სხვა დაავადების მქონე ადამიანებისაც, რომელთაც სათანადო ყურადღება ვეღარ მიაქცევენ.
"5 ათასი პაციენტი შეიძლება 1 კვირის განმავლობაში შემოვიდეს, საუბარია რამდენიმე ასეულ პაციენტზე დღეში. ამ შემთხვევაში, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ისევე, როგორც ბევრი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს და ჩვენც ვერ გავუძლებთ. ჯერ ყველაზე ცუდი უკან არ არის. ჯერ ჩვენ, ასე ვთქვათ, როგორც ამერიკელები იტყოდნენ, უღრანი ტყიდან არ გამოვსულვართ. ჯერჯერობით, ჩვენ გვაქვს წინ მთავარი გამოცდა. ახლა კრიტიკული იქნება შემდეგი დღეები და კვირები.
ჩვენ პიკი არ უნდა გვქონდეს ევერესტის ტოლი. შეიძლება პიკი იყოს ევერესტი და იყოს ბორცვი. ჩვენთვის მთავარია, პიკი იმდენად დაბრტყელდეს და იმდენად ცოტა შემთხვევა იყოს პიკის დროს, რომ ამან არ მოახდინოს არც ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა, რაც, პირდაპირ გეუბნებით, ნიშნავს დაკარგულ სიცოცხლეებს, და არა მხოლოდ COVID 19-ით დაავადებულების, არამედ სხვა დაავადების მქონე ადამიანების, რომელთაც სათანადო ყურადღებას ვეღარ მიაქცევს უკვე პერსონალი," - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
შეგახსენებთ, საქართველო ახალი კორონავირუსული ინფექციის, COVID 19-ის ფართომასშტაბიანი შიდა გავრცელების ფაზაში შევიდა. იმატა ინფექციის ე.წ. მეოთხეული გადაცემის შემთხვევებმა, ანუ როდესაც ვერ ხერხდება იმის დადგენა, ვისგან გადაედო ადამიანს ვირუსი. სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე ქვეყანაში საგანგებო ზომები კიდევ უფრო გამკაცრდა.