ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი მრევლს და სრულიად საქართველოს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს და კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ადამიანებს გამძლეობას უსურვებს. სააღდგომო ღვთისმსახურების შემდეგ მან შეკრებილებს ქადაგებით მიმართა და მადლობა გადაუხადა.
"ღმერთმა დალოცოს ყველა ის ადამიანი, ვინც ემსახურება ღმერთს და სამშობლოს. დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ აღდგომას შევხვდეთ ტაძარში, მაგრამ ბევრს არ აქვს ამის შესაძლებლობა - ზოგი არის სახლში, ზოგი კარანტინში, უცხოეთში, ზოგი რეანიმაციაში, ზოგი კი წინა ხაზზე - ჩვენი ექიმები, მთავრობა და მხედრობა, ჟურნალისტები... თუმცა, შესაძლოა საავადმყოფოში ან უცხოეთში მყოფი ადამიანები უფრო ახლოს იყვნენ ღმერთთან. ჭყონდიდიდან სოხუმამდე არც ისე შორია. ღმერთმა ინებოს, რომ მომავალ აღდგომას შევხვდეთ სოხუმში ჩვენს მეგობრებთან აფხაზებთან, ბერძნებთან, ოსებთან სიყვარულით, რადგან ღმერთი სიყვარულია," - აღნიშნა ქადაგებისას მეუფე გრიგოლმა.
ჭყონდიდის ეპარქიაში სააღდგომო ღვთისმსახურება მრევლის თანდასწრებით მხოლოდ საკათედრო ტაძარში ჩატარდა. ლიტურგიას უმეტესად სასულიერო პირები, სტიქაროსნები და მგალობლები დაესწრნენ. ღამისთევაზე მყოფთა შორის, მრევლის 15-მდე წევრი იყო, რომელიც ტაძარში ფეხით მივიდა. მსახურება ტაძრის ეზოში, ღია ცის ქვეშ მიმდინარეობდა და მრევლი დისტანციას იცავდა.
სტიქაროსნებმა მრევლს პირბადეები დაურიგეს, ხატებსა და სიწმინდეებს კი, სპეციალური ხსნარით ამუშავებდნენ. ეპარქიის ყველა სხვა ეკლესიაში აღდგომის წირვა დილის 7 საათზე დაიწყო, მონასტრებში კი იგი ღამით მხოლოდ სასულიერო პირებმა აღასრულეს.