უკვე 15 საათია გამოძიება იმ პირის იდენტიფიცირებას ცდილობს, რომლის ბრმა ტყვიამაც 50 წლის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე გასროლა, სავარაუდოდ, ნუცუბიძის ქუჩიდან მოხდა. კორპუსიდან, რომელიც გარდაცვლილი ქალის საცხოვრებელი ადგილის მოპირდაპირედ მდებარეობს. ადგილზე ახლა ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გამოძიებას დასადგენი აქვს, როგორ ფლობდა სავარაუდო დამნაშავე ცეცხლსასროლ იარაღს.
ადგილობრივებს მომხდარზე საუბარი უჭირთ. მათი განცხადებით, გასროლის ხმა გაიგეს გუშინ ღამე. ადგილობრივები ვერ აკონკრეტებენ, თუ რამდენჯერ მოხდა გასროლა, თუმცა აღნიშნავენ, რომ იყო ერთზე მეტი.
ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით კი, საცხოვრებელი კორპუსიდან, რომლიდანაც გასულ ღამეს გაისროლეს, ცეცხლსასროლ იარაღს რეგულარულად ისვრიან - ბოლოს ასეთი შემთხვევა ახალ წელს იყო.
ტრაგედიის ადგილას მოკლული ქალის ნათესავები იკრიბებიან. მათაც უჭირთ დეტალებზე საუბარი. თუმცა მედიასთან პირად საუბრებში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილი მამაკაცი უკვე დაკავებულია. მათი ინფორმაციით, გასროლა "მაკაროვის" სისტემის იარაღიდან მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ავრცელებს ინფორმაცია, არის თუ არა იდენტიფიცირებული პირი, რომელმაც გაისროლა, თუმცა "კურიერის" ინფორმაციით აღნიშნული პიროვნება უკვე დაკავებულია.
ტრაგედია თბილისში გუშინ საღამოს 21:00 საათისთვის დატრიალდა. ვაჟა-ფშაველას გამზირზე ტყვიამ გატეხა ფანჯარა და ქალს, რომელიც ოჯახთან ერთად, საკუთარი სახლის მისაღებ ოთახში იმყოფებოდა, თავში მოხვდა. პაციენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა.