09 სექტემბერი 2026,   01:38
ვრცლად
ბათუმში 90 გამოკვლეული პაციენტიდან COVID-19 არც ერთს არ დაუდასტურდა

საეჭვო სიმპტომების მქონე 90 პირი გამოიკვლიეს აჭარაში. კვლევის შედეგად მათ ინფექცია არ დაუდასტურდათ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ცხელების ცენტრში გამოსაკვლევად ამ ეტაპზე 50 პირია გადაყვანილი. ისინი ე.წ. ქობულეთის კლასტერს განეკუთვნებიან. ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ამ კლასტერთან დაკავშირებული კონტაქტების რაოდენობა 520-მდე გაიზარდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონტაქტირებული პირების ეტაპობრივი კვლევა მიმდინარეობს. ამ კლასტერთან დაკავშირებულ პირველ პირებს თვითიზოლაციის პერიოდი ეწურებათ და მათ განმეორებით ჩაუტარდებათ დიაგნოსტიკა.

გარდა ამისა, ამ ეტაპზე ბათუმის "მედალფაში" 35 ინფიცირებულია, აქედან 34 ქობულეთის კლასტერიდან. ერთი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა კი სტაბილურია.

დღის ამბები