09 სექტემბერი 2026,   01:34
ვრცლად
კორონავირუსის გავრცელების გამო ჩაკეტილი სოფელი ღვანკითი - ადგილზე ეპიდემიოლოგთა ჯგუფი ჩავა

კიდევ ერთი საკარანტინო ზონა და ახალი ბლოკპოსტები ამჯერად თერჯოლის მუნიციპალიტეტში - კორონავირუსის გავრცელების გამო სოფელი ღვანკითი ჩაიკეტა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, დილის 06:00 საათიდან მოეწყო საგუშაგოები, საიდანაც სოფლის ტერიტორია კონტროლდება და მოსახლეობას ღვანკითის დატოვების საშუალება აღარ ეძლევა.

"გამომდინარე იქიდან, რომ გუშინ სოფელ ღვანკითის ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა, გადავწყვიტეთ ღვანკითი მთლიანად დაიხუროს გარკვეული პერიოდით. შესაბამისად, დილის 06:00 საათიდან ეწყობა ბლოკ საგუშაგოები. სულ მოეწყობა 5 საგუშაგო და სოფელი მთლიანად იქნება დაკეტილი," - განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.

თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლაშა გოგიაშვილის განმარტებით, ადგილობრივებს პროდუქტსა და მედიკამენტებზე პრობლემა არ შეექმნებათ.

"მუნიციპალიტეტი აქამდეც აწარმოებდა პროდუქტისა და მედიკამენტების უზრუნველყოფას. ახლაც თავისთავად უფრო ყურადღებით ვიქნებით და მოსახლეობას პრობლემა არც ერთ მოთხოვნაზე არ შეექმნება," - აღნიშნა თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში შუახნის მამაკაცი ე.წ. თერჯოლის კლასტერიდან შეიყვანეს, ის სწორედ სოფელ ღვანკითში მცხოვრები ინფიცირებულის ოჯახის წევრია.

რამდენიმე საათში სოფელში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგთა ჯგუფი ჩავა და მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყება.

ავტორი: ნათია გოგიშვილი

 

დღის ამბები