09 სექტემბერი 2026,   02:51
ვრცლად
მიცვალებულებსაც მივულოცავთ, რაც არ უნდა ჩაკეტონ მაინც შევალ - შეზღუდვების მიუხედავად მრევლის ნაწილი სასაფლაოზე მისვლას მაინც გეგმავს

ეკლესია დღეს მიცვალებულებს იხსენებს. ტაძრებში წირვის შემდეგ დიდი პანაშვიდის შესრულება იგეგმება. მთავრობის ადმინისტრაცია მოქალაქეებს სახლებში დარჩენასა და აუცილებელი რეკომენდაციების შესრულებას ურჩევს.

რაც შეეხება საფლავებს, საქართველოს მასშტაბით მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, სასაფლაოებზე გასვლა ისევ აკრძალულია. ტერიტორიაზე მისასვლელ გზებს პოლიცია აკონტროლებს.

აღნიშნული შეზღუდვა მხოლოდ დედაქალაქის სასაფლაოებს არ ეხება. შეზღუდვა ეხება ყველა იმ სასაფლაოს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედებს.

მიცვალებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ტაძრებში შეკრებილი მრევლის ნაწილი აცხადებს, რომ კანონს სრულად დაემორჩილებიან და სასაფლაოებზე გასვლას არ გეგმავენ.

"რასაც გვეუბნებიან, ჯობია დავრჩეთ სახლში, რომ შემდგომ გავრცელებას ავარიდოთ თავი და საფლავზე დღეს თუ არ გავალთ ვთქვათ, შეიძლება, როცა მოგვცემენ ნებართვას, გავალთ შემდეგ," – განაცხადა მრევლის ნაწილმა.

თუმცა მრევლის მეორე ნაწილი აცხადებს, რომ მიცვალებულებისთვის პატივის მისაგებად, შეზღუდვების მიუხედავად, შეეცდებიან სასაფლაოზე მაინც გადაადგილდნენ.

"ვაპირებთ კი არა, დედა ეკლესია რაზეც გვაძლევს ლოცვა-კურთხევას, ვასრულებთ ისე. მივდივართ საფლავზე და მიცვალებულებსაც მივულოცავთ. ახლა რა ხდება იცით? რაც არ უნდა ჩაკეტონ მაინც შევალ," - განაცხადა ერთ-ერთმა მრევლმა.

მიტროპოლიტი, ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველი მეუფე იოანე (გამრეკელი) აცხადებს, რომ ყველა ადამიანის უფლებაა მოიკითხოს წინაპარი, თუმცა ვინ როგორი ფორმით შეასრულებს ამას, ეს უკვე თავად მისი გადასაწყვეტია.

"ყველა ადამიანის უფლებაა და ვალდებულიც არის მოიკითხოს თავისი წინაპარი. რა ფორმით და რა სახით, ეს უკვე მისი გადასაწყვეტია. ზოგი მივა საფლავზე, ზოგი თუ შორს არის საფლავი, ვერ ჩავა და სახლში მოიხსენებს. ეს ყველა ადამიანის უფლება. ჩვენ არავის არ ვაიძულებთ, გინდა თუ არა გადი. თუ შორს არის საფლავი და ვერ მიდის, რა ქნას მაშინ. მე დავავალდებულებ მას, ის ვერ შეასრულებს და მაშინ რა? არა. ეს არის ადამიანის თავისუფალი ნების გადაწყვეტილება," – აღნიშნა მეუფემ.

დღის ამბები