ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 517-ია. მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსისგან ბოლო 24 საათში 12 ადამიანი განიკურნა და ამ დროისთვის 168 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
"პირველად არის, როდესაც გამოჯანმრთელებულებსა და დადასტურებულებს შორის ასეთი დიდი სხვაობაა და ძალიან სასიამოვნოა, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მეტია და ჩემი სურვილი იქნება, რომ ასე გაგრძელდეს,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, ახალი შემთხვევებიდან ინფექციურ საავადმყოფოში 42 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მათი უმეტესობის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა, მხოლოდ 3-ს აღენიშნება მძიმე პნევმონია. კლინიკაში 11 მოზარდია, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
მარინა ეზუგბაიას თქმით, როგორც მისთვისაა ცნობილი, ახალი შემთხვევებიდან ერთი თეთრიწყაროს კლასტერია, სამი საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს და ისინი ბოლნისის კლასტერს წარმოადგენენ, დანარჩენების წყარო დაუდგენელია და მათი მოძიება გრძელდება.