08 მაისი 2024,   06:57
ვრცლად
შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენ ამ დაავადების პიკი გადავლახეთ - ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, ქვეყანამ კორონავირუსის ეპიდემიის პიკი უკვე გადალახა. მან პირობა დადო, რომ მომავალ კვირას მოქმედი შეზღუდვებიდან გამოსვლის სტრატეგიას წარადგენს.

ჯონსონის განმარტებით, ერთობლივი ძალისხმევის წყალობით, შესაძლებელი გახდა ეპიდემიის უკონტროლო და კატასტროფული შედეგების თავიდან აცილება. დიდ ბრიტანეთში ინფიცირებულთა რიცხვი 171 ათასს გასცდა, დაღუპულთა რაოდენობა კი, თითქმის 27 ათასია. 

"შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენ ამ დაავადების პიკი გადავლახეთ. ბევრი მიზეზი გვაქვს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში იმედიანად ვიყოთ. მე მომავალ კვირაში ყოვლისმომცველ გეგმას წარმოვადგენ იმის თაობაზე, თუ როგორ ავამუშაოთ ეკონომიკა, როგორ დავაბრუნოთ ბავშვები სკოლაში და ბაღში და როგორ მივიდეთ სამსახურებამდე და დასაქმების ადგილი გავხადოთ უსაფრთხო. ახლა უკიდურესად მნიშვნელოვანია,  არ დავკარგოთ კონტროლი," - აცხადებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი. 

დღის ამბები