გორის და ატენის მიტროპოლიტის განცხადებით, აღდგომის დღეებში აღმსარებელთა სტიგმატიზაცია მოხდა, მათ შორის პარლამენტარების მხრიდან. ამის შესახებ მეუფე ანდრიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა და პოლიტიკოსებს შეახსენა, რომ მათ ამომრჩეველთა შორის მორწმუნეებიც არიან:
"მგონი ყველაფერი გარკვეულია. ვწუხვარ იმაზე, რომ ვხედავდით ამ დღეების მანძილზე მცდელობას და მოწოდებას ეკლესიის წევრების სტიგმატიზაციის. მე ასე ვაფასებ ამას. ვხედავდით, სამწუხაროდ, ამას ჩვენი ქვეყნის მთავარ სახელმწიფო ორგანოში, პარლამენტში და ზოგადად თანამდებობის პირებისგანაც.რაც მაკვირვებს, იმიტომ, რომ ამ ადამიანების ამომრჩევლები არიან ეკლესიის წევრებიც და ამგვარი შეფასება ვფიქრობ, რომ მათ პოლიტიკურ მოუმწიფებლობაზე მეტყველებს,"- განაცხადა მეუფე ანდრიამ.
მიტროპოლიტმა ასევე მწუხარება გამოთქვა ყინწვისში განვითარებული მოვლენების გამო და განაცხადა, რომ მეუფე იობს თანაუგრძნობს.
"ვიტყვი ერთს, რომ გულწრფელად თანავუგრძნობ მეუფე იობს, თუ ეს ყოველივე არის სინამდვილე. სამწუხაროა, რომ მისი ეპარქიის ზოგიერთმა სასულიერო პირმა არ გამოიჩინა სამღვდელო პირისთვის შესაბამისი ცხოვრების წესი, სულიერება, არ გაუფრთხილდა ეკლესიას, მღვდელმთავარს და თქვენს პირში ჩააგდო მეუფე იობი," - მიმართა მიტროპოლიტმა ჟურნალისტებს.
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა მეუფე ანდრიამ განსხვავებული წესით აღავლენა. ატენისა და გორის მიტროპოლიტმა რეგულაციების გამო ტრადიციული ღამისთევის ნაცვლად დილას დაიწყო მსახურება და წირვის დიდი ნაწილი ღია ცის ქვეშ ჩაატარა.
მომლოცველები დისტანციის დაცვით იდგნენ, ნაკადს კი საპატრულო პოლიცია აკონტროლებდა. დილიდან გადაკეტილია გორიჯვარზე მისასვლელი სამანქანო გზაც.
ტრადიციულად ამ დღეს გორს მომლოცველები მთელი საქართველოდან სტუმრობენ, რადგან სჯერათ, რომ ტაძრის საძირკველში წმინდა გიორგის თავის ქალაა დაკრძალული.