ოკუპირებულ ცხინვალში, სადაც კორონავირუსის სამი დადასტურებული შემთხვევაა, ჯანდაცვის სფერო კრიზის განიცდის.
"კურიერი" წეროვანში მცხოვრებ დევნილებს ესაუბრა. ისინი საკუთარ ნათესავებზე დაყრდობით აცხადებენ, რომ ახალგორში ფაქტობრივად შეუძლებელია ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღება.
მათივე შეფასებით, ადგილობრივ ექიმებს აქვთ კვალიფიკაციის ნაკლებობა. ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა კორონავირუსის პანდემიამ.
"არანაირი აპარატურა არ აქვთ სამედიცინო. საერთოდ არაფერი არ აქვთ, არანაირი მედიკამენტი," - აცხადებს წეროვანში მცხოვრები დევნილი.
"გაჭირვება აქვთ მედიკამენტებზე, პროდუქტებზე, ფასები მომატებულია. არ ჰყავთ სამედიცინო პერსონალი," - აღნიშნავს წეროვანში მცხოვრები დევნილი.
ინფიცირებულები არიან სამხედრო სასწავლებლის 14 წლის კურსანტი, დედა და მისი 6 წლის შვილი. შექმნილი სიტუაციის გამო, დე ფაქტო ხელისუფლებამ 10-დან 17 მაისამდე პერიოდში, რუსეთთან მიმოსვლა აკრძალა. ანატოლი ბიბილოვი მოსახლეობას მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ აყვნენ პანიკას.
თუმცა სამოქალაქო სექტორის შეფასებით, პანიკის საფუძველი ნამდვილად არსებობს. ოკუპირებულ რეგიონში ჯანდაცვის სფერო კრიზისს განიცდის.