ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალი სრულად, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაიხსნება. მეწყერის გამო გზა მთლიანად ჩაკეტილი იყო და გუშინ მხოლოდ ცალმხრივად მოხერხდა გახსნა.
ადგილზე ვითარებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო. თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, გაწმენდით სამუშაოებს კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება.
თორნიკე რიჟვაძის ვარაუდით, რამდენიმე დღეში შესაძლებელი იქნება ორმხრივად აღდგეს მოძრაობა.
მეწყერი ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში გუშინ, გვიან ღამით ჩამოწვა. დიდი ზომის ლოდების გამო საჭირო გახდა ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების განხორციელება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აჭარის მაღალმთიანეთის სამი მუნიციპალიტეტის მიმართულებით მოძრაობა შეწყვეტილი იყო.