10 ივლისი 2020,   04:09
ვრცლად
"და ჩვენ ვიცეკვეთ" - ლევან აკინის ფილმი "გარდიანის" 2020 წლის საუკეთესო ფილმების ოცეულშია

"და ჩვენ ვიცეკვეთ" -  ტიტულოვანი ფილმი, რომელმაც არაერთი მნიშვნელოვანი პრიზი მოიპოვა და კრიტიკოსების უმაღლესი შეფასებაც დაიმსახურა, ახლა "გარდიანის" 2020 წლის საუკეთესო ფილმების ოცეულშია. ჩამონათვალში ლევან აკინის ფილმი მსოფლიოს საუკეთესო ავტორების გვერდით მოხვდა. სტატიაში აღწერილი ფილმის სიუჟეტი, ასევე, ერთგვარი რეკომენდაციაც არის სტატიის ავტორისგან,  რატომ უნდა ნახოს მაყურებელმა  "და ჩვენ ვიცეკვეთ".

2019 წელს გადაღებული კინოსურათის წარმატება ეკრანებზე გამოსვლამდე დაიწყო. ფილმის ავტორი ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორი ლევან აკინია. “და ჩვენ ვიცეკვეთ” აკინის პირველი ქართულენოვანი ფილმია, რომელმაც საერთაშორისო მედიის თითქმის ყველა ცნობილი გამოცემის ფურცლები მოიარა, კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ საკონკურსო სექციაში 25 ფილმს შორის მოხვდა და სელექციის დროს ფილმმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

უფრო მეტიც, სექციის დირექტორმა პაოლო მორეტიმ აღნიშნა, რომ “ეს არის სიყვარული, რომელიც კონსერვატიულ გარემოს ყირაზე დააყენებს".

ეს არის ფილმი თავისუფლებასა და სიყვარულზე. სიუჟეტი ახალგაზრდა მოცეკვავის შესახებ გვიყვება. მისი ცხოვრება რადიკალურად მას შემდეგ იცვლება, რაც  ამბიციური მეტოქე უყვარდება. ფილმი ქვეყნის პატრიარქალურ კულტურას გამოხატავს და პირდაპირ ანახებს ადამიანებს ამ კულტურის ორივე მხარეს. უყვება მსოფლიოს ქართული ცეკვის გენიისა და ქვეყნის უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" შემქმნელები ახალი პროექტის განხორციელებასაც გეგმავენ, თუმცა, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერჯერობით ბუნდოვანია ვადებიც და ფინანსების მოზიდვის წყაროებიც. რაც დანამდვილებით იციან, იქნება კიდევ ერთი საერთაშორისო დონის და მნიშვნელობის კინო.

 

ავტორი : სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები