თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული გიორგი რურუას სასამართლო პროცესზე დღეს ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან.
მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, არ დააკმაყოფილა.
როგორც მოსამართლემ აღნიშნა, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების რისკები არსებობს.
"27 აპრილიდან დღევანდელი სასამართლო სხდომაზე რაიმე ახალი არსებითი გარემოება არ არის გამოვლენილი, რომ ბრალდებულ გიორგი რურუასთვის შეფარდებული აღმკვეთი ღონისძიება შეიცვალოს.
სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულის მიმართ აღმკვეთი ღონისძიება არსებობს იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს საფრთხეები. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, ისევე როგორც 27 აპრილის მდგომარეობით, სახეზე იყო 198-ე მუხლის მიზნების უზრუნველყოფა მხოლოდ პატიმრობის გარეშე დატოვებით და სხვა ნაკლებად მკაცრი ღონისძიება ვერ უზრუნველყოფდა აღმკვეთი ღონისძიების მიზნებს. ისეთი მიზნები, როგორიცაა, რომ გამოირიცხება ბრალდებულის შესაძლო მიმალვა, ან მის მიერ რაიმე ახალი დანაშაულის ჩადენა, ან - საქმეში არსებული მოწმეებზე ზეგავლენის განხორციელება, დღეის მდგომარეობით კვლავ სახეზეა," - განაცხადა მოსამართლემ.
სასამართლო პროცესის დაწყებამდე გიორგი რურუას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გირაოს მოთხოვნას არ აპირებდა.
გარდა ამისა, სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ბრალდების მხარემ. საქმის პროკურორის ვასილ სამხარაძის განცხადებით, აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
პროკურორის შეფასებით, ის საფრთხეები, რაც აქამდე არსებობდა, ბრალდებულის მხრიდან კვლავ ძალაში რჩება.
"გიორგი რურუას ბრალდების საქმეზე დღეს დავკითხავთ ჩვენ 3 მოწმეს. რაც შეეხება, აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას, რასაც დაცვის მხარე აყენებს, თავისთავად ამ გარემოებას არ დავეთანხმებით, რადგან არანაირი ახალი გარემოება არ არსებობს აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის.
რაც შეეხება ის საფრთხეები, რაც აქამდე არსებობდა, ბრალდებულის მხრიდან კვლავ ძალაშია.
ბრალდების მხარე იხელმძღვანელებს იმ მტკიცებულებებით, რაც სისხლის სამართლის საქმეშია და აფასებს იმ საფრთხეებს, რაც ბრალდებულის მხრიდან მომდინარეობს. შესაბამისად, ჩვენ ამ მოცემულობით ვხელმძღვანელობთ. აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების საფუძველს ჩვენ ვერ ვხედავთ," - განაცხადა პროკურორმა ვასილ სამხარაძემ.
ამ წუთებში მოსამართლის კითხვებს პატრულ ინსპექტორი პასუხობს, რომელმაც გააჩერა ავტომობილი, რომლშიც გიორგი რურუა იმყოფებოდა. ასევე დაიკითხება ორი ექსპერტი, რომელმაც აღნიშნულ ავტომობილში ჩხრეკა ჩაატარეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, არ დააკმაყოფილა.
გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.