09 სექტემბერი 2026,   06:18
ვრცლად
გამოძიებაში არსებული ხარვეზები და ზეწოლა დაკავებულებზე - ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებული მშობლების და მასწავლებლის ადვოკატები ბრიფინგს მართავენ

ბავშვთა პორნოგრაფიის სახელით ცნობილ სისხლის სამართლის საქმეში, მთავარი მონაწილეები საკუთარ ჩვენებებს ცვლიან. საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებზეც გამოძიება ამტკიცებს, რომ დანაშაულის ორგანიზატორები არიან, ამ წუთებში სასამართლო პროცესზე იკითხებიან. არსებობს ვერსია, რომ პროკურატურა მათთან საპროცესო შეთანხმებაზე მუშაობს. შეცვლილი ჩვენებები კი იმ ადამიანების წინააღმდეგ იქნება მიმართული, ვინც გამოძიებამ დანაშაულის გახსნის მეორე ეტაპზე დააკავა.

გამოძიებამ აღნიშნული საქმე ორად გაყო. თავდაპირველად, პროკურატურამ გახმაურებულ ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე 10 პირი დააკავა, მათ შორის არის დანაშაულის ორგანიზატორები 1 აშშ-სა და 2 საქართველოს მოქალაქე. ორი ქართველი აშშ-ს მოქალაქეს ბავშვების ფოტოსესიაში ეხმარებოდნენ.

რაც შეეხება მეორე ეტაპს, გამოძიებამ რამდენიმე თვის შემდგომ 12 პირი დააკავა, საიდანაც 11 არასრულწლოვანთა მშობლები არიან, ხოლო მე-12 არასრულწლოვნების მასწავლებელი.

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში პირველ ეტაპზე დაკავებული 10 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. როგორც ცნობილი ხდება, 9 მათგანს საპროცესო შეთანხმება უფორმდება. რაც შეეხება 1 პირს, მას საგამოძიები უწყება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება, თავად დაკავებული კი წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება.

გამოძიების მეორე ეტაპზე დაკავებულების უფლებადამცველებმა დღეს ბრიფინგი გამართეს. დაკავებული მშობლებისა და მასწავლებლის უფლებადამცველები აცხადებენ, რომ დაკავებული პირები, რომლებიც დანაშაულის ორგანიზატორები და "ოქროს მოწმეები" არიან, პირველად ჩვენებებს ცვლიან და ხელს მშობლებსა და მასწავლებელს ადებენ, რითიც მათ საპროცესო შეთანხმება უფორმდებათ. ადვოკატების თქმით, ეს საგამოძიებო უწყების ზეწოლის ქვეშ ხდება.

ასევე დღეს ადვოკატები საუბრობდნენ იმ საკითხზე, რომ პროკურატურის მხრიდან დღეს არასრულწლოვნებზე გარკვეული ზეწოლა ხდება. უფრო კონკრეტულად კი ისინი საუბრობენ იმ საკითხზე, რომ უწყების წარმომადგენლები არასრულწლოვნებს უკავშირდებიან და გარკვეულ დეტალებზე წარმომადგენლების გარეშე ესაუბრებიან.

"ჩვენებები მისცეს, რომლებსაც საერთოდ საერთო არ ჰქონდად ჩვენთან. ზოგი აღნიშნული ბრალდებული ამბობდა, რომ საერთოდ არ გვიცნობდა,  თუმცა დღეს ჩვენებები იცვლება და იცვლება ერთი უბრალო მიზეზის გამო, რომ შემსუბუქდეს სასჯელი და სხვა არაფერი. ისინი, პირდაპირ ვაცხადებ, რომ იტყუებიან. აღნიშნული ჩვენებები არის ცრუ და არაფერი კავშირი არა აქვს თანამშრომლობასთან. ერთადერთი საპროცესო შეთანმხება გაუფორმდებოდათ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჩვენ დაგვადებდნენ ხელს. რომ არ ვარსებობდეთ ჩენ, მეორე მხარე, ძალიან მეეჭვება, რომ მათ საპროცესო შეთანხმება გაეფორმებინათ," – აცხადებს დვოკატი ნიკოლოზ წულეისკირი.

უფლებადამცველებმა ასევე ხაზი გაუსვეს იმას, რომ საგამოძიებო უწყებამ ამ პერიოდის განმავლობაში დაცვის მხარეს საქმის მთავარი მტკიცებულება, ფოტომასალ ჯერაც არ გადასცა, რითიც სწორედ ამ ადამიანებს ბრალი წაუყენეს.

"ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ეს არის პორნოგრაფიული შინაარსის ფოტოები. ეს ფოტოები ჩვენ, დაცვის მხარეს არ გვინახავს, არ გადმოუციათ არა და სწორედ ამის საფუძველზე წარედგინათ ყველა ბრალდებულს ბრალი. იმის გამო, რომ 22 მაისს უკვე 9 თვიანი საქმის განხილვის ვადა და მათი პატიმრობაში ყოფნის ვადა იწურება, შეთავაზება იყო ასეთი, თუ თქვენ ახლა არ დათანხმდებით ჩვენგან წამოსულ პირობებზე საპროცესო შეთანხმებაზე, შემდგომ ჩვენ საპროცესო შეთანხმებას ამ პირობით აღარ გაგიფორმებთ," – განაცხადა ადვოკატმა ბონდო ბათიაშვილმა.

ადვოკატების მთავარი მოთხოვნაა, რომ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეში როგორც სახალხო დამცველი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაერთონ, რომლებიც არასრულწლოვანთა უფლებებზე მუშაობენ და ამ საქმის გამოძიების მიმდინარეობისას მონიტორინგი განახორციელონ.

დღის ამბები