09 სექტემბერი 2026,   00:57
ვრცლად
სასამართლო დამოუკიდებელი რომ იყოს, მე ორჯერ არ გამასამართლებდნენ და მოსამართლე იმავდროულად პროკურორი არ იქნებოდა - გიგი უგულავა

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ "დღის კურიერის" ეთერში ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმების შესრულებასა და გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებაზე ისაუბრა. 

გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების შესრულება გიორგი რურუასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლით იყო შესაძლებელი. 

"იყო ოთხი გვარი, შეთანხმება ამ ოთხ გვართან დაკავშირებით შედგა, დარჩა ერთი გვარი. შეთანხმება შესრულებული არ არის, სანამ ეს ერთი გვარი, გიორგი რურუა დარჩა ციხეში. 
სასამართლო რომ თავისუფალი იყოს ჩვენს ქვეყანაში, წინასწარი პატიმრობა გიორგი რურუას არც ექნებოდა და ეს საკითხიც არ იდგებოდა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ საქმე შეთითხნილია, გამოგონილი, ჩაუდეს იარაღი და ა.შ. ის ჯერ იმყოფება წინასწარ პატიმრობაში, მას ჯერ მისჯილი არ აქვს. მოსამართლეს დაეკმაყოფილებინა ადვოკატის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეცვლის შესახებ გინდა გირაოთი, ან ნაკლებად მძიმე სხვა ღონისძიებით და გიორგი რურუა ახლა უკვე იდგებოდა აქ, ჩემს ადგილას,"- განაცხადა გიგი უგულავამ.

კითხვაზე, ხომ არ იქნებოდა ეს მართლმსაჯულებაში ჩარევა, გიგი უგულავამ უპასუხა, რომ ამაზე აპელირება არასწორია, რადგან რომ არა "ქართული ოცნების" მხრიდან მართლმსაჯულებაში ჩარევა, ეს საკითხი დღის წესრიგში არც იდგებოდა. 

"ეს იქნებოდა მოსამართლის სწორი, კანონზე, კონსტიტუციაზე და სამართლებრივად გამართული გადაწყვეტილება. ეს სპეკულაცია სასამართლოში ვერ ჩარევაზე აბსოლუტურად არასწორია. სასამართლოში ვერ ჩავერევით კი არ არის პრობლემა, სასამართლოში რომ ერევა ხელისუფლება, იმიტომ გაჩნდა ეს პრობლემა, იმიტომ გაჩნდა შეთანხმების მეორე თავი და იმიტომ იყო კონკრეტულ გვარებსა და ქეისებზე საუბარი. სასამართლო დღეს ქვეყანაში დამოუკიდებელი რომ იყოს, რურუა დღეს ციხეში არ იქნებოდა. მართლმსაჯულება და გამოძიება რომ დამოუკიდებელი იყოს, მას იარაღს არ ჩაუდებდნენ და ეს საკითხი საერთოდ არ იდგებოდა, მე ორჯერ არ გამასამართლებდნენ და მოსამართლე, იმავდროულად, პროკურორი არ იქნებოდა. ზუსტად ასეთი ანომალიები რომ ხდება მართლმსაჯულების სისტემაში, ზუსტად ამიტომ არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები შეშფოთებულები,"-განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ გიორგი რურუას დანაშაული არ არის მძიმე და სასამართლო პრაქტიკითაც ასეა, რომ ასეთ შემთხვევებში, გამოყენებულია ხოლმე შედარებით მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება და არა პატიმრობა. 

"სასამართლომ არაფერი არ უნდა გაითვალისწინოს გარდა კანონისა და კონსტიტუციისა. ეს არ არის მძიმე დანაშაული, ეს არის მისთვის სისხლის სამართლის პირველი ბრალდება, შესაბამისად, ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების გამოყენება სამართლებრივად არს უფრო სწორი. მეტსაც გეტყვით- სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, ამ ტიპის ბრალდებაზე, როგორც წესი, სასამართლო იყენებს გირაოს,"-განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია 8 მარტს მიღწეული შეთანხმების დეტალებზე ვერ თანხმდება. ოპოზიცია აცხადებს, რომ შეთანხმების ნაწილი საარჩევნო სისტემასთან ერთად იმ პატიმრების (გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი რურუა) გათავისუფლებაც იყო, რომელსაც ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მოიაზრებდა, "ქართული ოცნება" კი შეთანხმების ამ ნაწილს კატეგორიულად უარყოფს.

საბოლოოდ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. პატიმრობაში რჩება გიორგი რურუა, რომლის შეწყალებაც, იმ ეტაპზე, შეუძლებელია, რადგან მას სასჯელი მისჯილი არ აქვს. 

დღის ამბები