ხელოვნების პოლიტიკისა და თანამედროვე ხელოვნების მკვლევარი და ექსპერტი ნიკოლოზ ნადირაშვილი "დღის კურიერის" ეთერში საუბრობს, თუ როგორი უნდა იყოს პოსტკრიზისული გეგმა და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას კულტურის სფეროში.
ნიკოლოზ ნადირაშვილის თქმით, პირველი მოთხოვნაა, განხორციელდეს ყველა ის დაკვეთილი რეფორმა, რომელიც კულტურის სექტორს გააჩნია სამინისტროს მიმართ უკვე ათწლეულების განმავლობაში. ასევე, კულტურის სექტორის წარმომადგენლები კულტურის ეროვნული ფონდის ჩამოყალიბებას ითხოვენ.
"ძალიან მნიშვნელოვანია კულტურის ეროვნული ფონდის ჩამოყალიბება. სამინისტროს მოსწონს სახელი -"ფონდი", მაგრამ ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია, რომ თუნდაც, "შემოქმედებითი საქართველო" ასე ჰქვია ერთ-ერთ მის სიპს, რომლის მემკვიდრეც უნდა იყოს ფონდი, რომ მან გადაიბაროს ყველა ის კონკურსი, რასაც სამინისტრო მართავს.
ამავდროულად, კონკურსების გარდა, სამინისტრო ახორციელებს პირდაპირი დახმარების მექანიზმს, რაც ნიშნავს, რომ რიგი ორგანიზაციებიც იღებენ მონაწილეობას კონკურსში, აქედან ნაწილი ფინანსდება, მაგრამ ამის გარდა, არსებობს დახმარების მექანიზმი, როდესაც სამინისტრო პირდაპირ ირჩევს ბენეფიციარ ორგანიზაციას და ეხმარება მას. ეს, რა თქმა უნდა, უკვე ცალსახად იწვევს გარკვეული ტიპის კორუფციის რისკებსაც.
მე ვთვლი, რომ პირველ რიგში, ეს პრაქტიკა უნდა მოისპოს. სამინისტრომ თანხები უნდა გახარჯოს მხოლოდ კონკურსის ფარგლებში და ეს კონკურსი უნდა გადავიდეს უკვე სსიპ "შემოქმედებითი საქართველოს" მართვის ქვეშ," - აცხადებს ნიკოლოზ ნადირაშვილი.