თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის 3 მოწმე დაიკითხება.
გიორგი რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, სასამართლოს წინაშე წარდგებიან სამართალდამცველები და ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელი.
ადვოკატს კითხვები უჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იყო შენობაზე დამონტაჟებული 6 გარე კამერიდან სწორედ ის კამერა არამუშა მდგომარეობაში, რომელიც შემთხვევის ადგილის მიმართულებით იყურებობდა.
"დაიკითხება ბრალდების მხარის 3 მოწმე. კერძოდ, იმ სამმართველოს უფროსი, რომელმაც დააკავა გიორგი რურუა, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღი ჩაუდო მას - კახაბერ მურადაშვილი, ასევე პოლიციის თანამშრომელი და კერძო ორგანიზაციის წარმომადგენელი. ამით, პრინციპში ამოიწურება ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვა.
მის შენობაზე განთავსებული არის გარე სამეთვალყურეო კამერები, 6 კამერაა სულ და ერთი კამერა, რომელიც იყურებოდა შემთხვევის ადგილის მიმართულებით, სწორედ ის აღმოჩნდა, რომ არ მუშაობდა და შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით გვექნება კითხვები," - აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.
გიორგი რურუა 2019 წლის ნოემბერში დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.